ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელთა შორის

საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი შეაჩერა

საქართველო - საფრანგეთი (U19)
uefa.com

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. ჯვაროსნების მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები იყო.

გია ცეცაძის ფეხბურთელებმა მძიმე ბრძოლაში ქულის მოპოვება შეძლეს და მიუხედავად იმისა, რომ გოლის გატანის 100%-იანი შანსიც ჰქონდათ, 0:0 ძალიან კარგი შედეგია.

ფრანგები მთლიანობაში უპირატესობას ფლობდნენ და გაბრიელ თებიძის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ქართველი მცველები დამაჯერებლად მოქმედებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ათლეტურად ლურჯები ჯვაროსნებს ბევრად აღემატებოდნენ, შეიძლება ითქვას, რომ ლოკალური ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში, ფრანგებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, განსაკუთრებით კი მენდი, ბენზია და რაბიო აქტიურობდნენ. მიუხედავად ამისა, ქართველმა ფეხბურთელებმა წინააღმდეგობის გაწევაც შეძლეს და რამდენიმეჯერ ფრანგთა მეკარის ბეუნარდოს შეწუხებაც შეძლეს. მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მეტი შემართებით გამოვიდნენ და საწყის წუთებში უპირატესობას დაეუფლენ. მოედნის ცენტრში დამაჯერებლად მოქმედებდნენ დაჩი ცნობილაძე და ავთო ენდელაძე, რომლებიც პასებით გიორგი ფანცულაიასა და ბაჩანა არაბულს ამარაგებდნენ. კარგად ჩაერთო შეხვედრაში, შეცვლაზე შემოსული ნიკა კაჭარავა, რომელიც ქართველთაგან ყველაზე ათლეტურად გამოიყურებოდა და ტექნიკურადაც რამდენჯერმე მოატყუა ფრანგი მცველები. მატჩის მიწურულს, ერთ-ერთი შეტევის დროს, ფანცულაიას გოლის გატანის 100%-იანი შანსი ჰქონდა. მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა ბურთი მაინც კარის ხაზისკენ მიგორავდა, მაგრამ ბეუნარდომ ბურთის კუთხურზე გადაგდება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა რამდენიმე აშკარად ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო. მან სრულიად უწყინარ სიტუაციებში გააყვითლა ბაჩანა არაბული და დაჩი ცნობილაძე. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა, რაც ქართველთათვის ზალიან კარგი შედეგია.

B ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს სერბეთისა და თურქეთის 19-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. სერბებმა მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს და ახლა ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან. საქართველოს და საფრანგეთის ნაკრებები თითო ქულით მეორე და მესამე ადგილს იყოფენ, ხოლო თურქეთი 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

შემდეგ მატჩს გია ცეცაძის გუნდი 23 ივლისს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები