ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელთა შორის

დღეს, ქართველი 19-წლამდელები სერბეთს შეხვდებიან

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
msy.gov.ge

დღეს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გამართავს. პირველ ტურში ფრანგებთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ამჯერად გია ცეცაძის ფეხბურთელები სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პირველ ადგილზე 3 ქულით სერბეთია, მეორე ადგილს საქართველო და საფრანგეთი თითო ქულით იკავებენ, ბოლო ადგილზე კი თურქეთის ნაკრები ნული ქულით იკავებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორმა ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და გუნდს უბრუნდება.

"ჩვენი ორი ნახევარმცველი დავით უბილავა და გურამ სამუშია დისკვალიფიკაციის შემდეგ დაგვიბრუნდებიან, რაც ჩვენთვის დიდი დახმარებაა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ. "სერბეთს კარგად ვიცნობთ, რადგან ცოტა ხნის წინ მათ ორჯერ ვეთამაშეთ, მათ შორის ერთხელ ელიტრაუნდის მოსამზადებელი შეკრებისას. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა ვნახავთ სერბეთისა და თურქეთის ნაკრებების მატჩის ფირს. ჩემი ფეხბურთელების მწამს და მჯერა, რომ ამ ტურნირზე წარმატებას მივაღწევთ", - აღნიშნა მან.

სერბეთის ნაკრებმა პირველ ტურში თურქეთის გუნდი დაამარცხა, თუმცა მთავარი მწვრთნელი ლიუბინკო დრულოვიჩი გუნდის მომზადების დონით ბოლომდე კმაყოფილი არ არის.

"ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ფორმის პიკზე არ იმყოფება. სერბეთში ჯერ სეზონი დაწყებული არ არის, ამიტომ ვეცდებით მოთამაშეები უკეთ მოვამზადოთ", - განაცხადა ლიუბინკო დრულოვიჩმა. "საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ, რადგან მათთან წელს, ორჯერ ვითამაშეთ ამხანაგური მატჩი. ერთი შეხვედრა ჩვენ მოვიგეთ, მეორე კი ქართველებმა. ძალიან კარგი გუნდია. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ ამ ჩემპიონატზე მოულოდნელობა მოახდინონ. თუ ჩემი ფეხბურთელები ისევე ითამაშებენ, როგორც თურქეთთან, ვფიქრობ, მოგებას შევძლებთ", - განაცხადა ლიუბინკო დრულოვიჩმა.

მატჩი საქართველოსა და სერბეთის 19-წლამდელებს შორის თბილისის დროით 19:30 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები