პოლიციის რეიდები

არასამთავრობოები: რეიდები ხშირ შემთხვევაში უკანონო ხასიათს ატარებდა

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI),საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისსაერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

”ბოლო დღეების მანძილზე დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა რამდენიმე რეიდი, რამაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება და აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული ღონისძიების დროს სისტემატურად ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერება და ჩხრეკა, მოქალაქეთა პირადი დოკუმენტაციის შემოწმება. გავრცელებული ინფორმაციით ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები იწერდნენ მოქალაქეთა შესახებინფორმაციას (სახელი, გვარი, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) და თითოეულ შემოწმებულპიროვნებას მობილური ტელეფონით უღებდნენ სურათებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში უკანონო ხასიათს ატარებდა და არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელთა ნაწილი დაედევნა ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტს, რომელიც იღებდა რეიდის მიმდინარეობის პროცესს, გაჩხრიკეს და გადაღებული ვიდეომასალა იძულებით წაუშალეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ფაქტის ნამდვილობის შესასწავლად ხსენებული ჟურნალისტი შესაბამის უწყებაში არც კი დაუბარებიათ, ამ ტიპის უარყოფა არასანდოდ მიგვაჩნია.საქართველოს კანონმდებლობით ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით წარმოადგენს დანაშაულს, რასაც პროკურატურის მხრიდან აუცილებლად უნდა მოჰყვეს გამოძიების დაწყება.”,- ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ რეიდის ჩატარება საგანგებო მდგომარეობის დროსაა მიზანშეწონილი, რაც საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებული არაა.

 ” პოლიციის მიერ რეიდი დამნაშავეთა და სხვა სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საპირისპიროდ ამისა, რეიდის დროს მოქალაქეთა შეჩერება და ჩხრეკა ტარდებოდა მასიურად, რაც ბუნებრივია წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიციელთა მიერ ხდებოდა არა რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ან სხვა სამართალდამრღვევი პირის ძებნა მისი დაკავების მიზნით, არამედ ზოგადად გამვლელი პირების ალბათობით შერჩევა, შეჩერება და ჩხრეკა. საინტერესოა, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ აღნიშნული რეიდები პრევენციულ ხასიათს ატარებდა, რაც ეწინააღმდეგება რეიდის ჩატარების კანონისმიერ მიზნებს.”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები