პოლიციის რეიდები

იზორია: მდგომარეობის გაუმჯობესების დაკვეთა საზოგადოებისგან მივიღეთ

მდგომარეობის გაუმჯობესების დაკვეთა საზოგადოებისგან მივიღეთ და მას კანონის სრული დაცვით, პირნათლად შევასრულებთ, - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, რომელმაც პოლიციის რეიდებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„რაც არ უნდა სტაბილური იყოს მდგომარეობა, ყოველთვის ჩნდება საზოგადოებაში მისი გაუმჯობესების სურვილი. ჩვენ ეს დაკვეთა საზოგადოებისგან მივიღეთ, რომ უფრო გავაუმჯობესოთ მდგომარეობა და შესაბამისად, ამ დაკვეთას კანონის სრული დაცვით, პირნათლად შევასრულებთ. ეს არის სრულიად ახალი, კერძოდ, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ყველანაირ ევროპულ სტანდარტებს", - ამბობს იზორია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ღონისძიება, რომელიც პოლიციის შესახებ კანონშია ასახული, „პირველ რიგში, ემსახურება პრევენციულ ღონისძიებებს, ანუ მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეთა დაცვის მიზნით, თავიდან იქნეს ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა აცილებული. ერთ-ერთი ამ საპოლიციო ღონისძიებებს შორის გახლავთ სწორედ სპეციალური საპოლიციო კონტროლი".

ამასთან, ლევან იზორიამ გამოთქვა სურვილი, მოქალაქეებს ინფორმაცია ჰქონდეთ პოლიციელის კანონიერი უფლებების შესახებ, რათა საკუთარი ინტერესების დაცვა სამართლებრივი გზით შეძლონ:

„ყველა ფაქტი იქნება შესწავლილი, რომელიც სამართალდარღვევებს ავლენს. ერთია, რომ პოლიციელმა იცის, თუ რა ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ მეორეა, რომ მოქალაქემაც იცოდეს, რა ფარგლებში აქვს პოლიციელს მოქმედების საფუძველი. ხშირ შემთხვევაში მოქალაქემ არ იცის პოლიციელის კანონიერი უფლებების შესახებ ამ ღონისძიებების ფარგლებში, სასურველია გაეცნონ და შესაბამისად, როდესაც ხედავენ, რომ კანონის ეს მოთხოვნები დარღვეულია, ჰქონდეთ რეალური შანსი თავიანთი პრეტენზიის შემდეგ სამართლებრივი განხორციელებისა", - ამბობს იზორია.

პოლიციის შესახებ კანონის 2013 წლის რედაქციის 24-ე მუხლის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განსაზღვრულია, როგორც „პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით განხორციელებული შემოწმება".

ამავე კანონის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ განკარგულება მინისტრმა უნდა გამოსცეს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი მინისტრი ან მისი ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ზეპირ განკარგულებას იძლევა, რომელიც 24 საათის განმავლობაში წერილობით უნდა გაფორმდეს.

ამავე მუხლის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლისას პოლიციელს ფორმაზე დამაგრებული უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკა.

„სპეციალური საპოლიციო კონტროლი" ასევე ითვალისწინებს პირის ზედაპირულ შემოწმებასა და დათვალიერებას, რაც პოლიციის შესახებ კანონით (მუხლი 22), გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. ჩხრეკას პოლიციელი ატარებს იმ შემთხევაში, თუ ამის საფუძველი ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა.

პოლიციას ზედაპირული შემოწმებისთვის ადამიანის შეჩერების უფლება აქვს მაშინ, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; თუ პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს; და თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება, იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა.

ზედაპირული დათვალიერების შემთხვევაში პოლიციელი ადგენს ოქმს, რომელშიც უნდა მიეთითოს ღონისძიების მონაწილე პირები და ფაქტობრივი გარემოებები.

 

 

კომენტარები