რეიდი თბილისში

ომბუდსმენი შსს-ს : პრევენციული ღონისძიებები კანონის დაცვით უნდა გატარდეს

ombudsman.ge

სახალხო დამცველის აპარატი ბოლო დღეებში თბილისში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდებისა და მოქალაქეთა მასობრივი შემოწმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.  აპარატი შს სამინისტროს პრევენციული ღონისძიებების გატარებისას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში წერია, რომ ინდივიდთა ჩხრეკა სასამართლოს გადაწყვეტილებით ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

”საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით აღიარებულია თავისუფალი მიმოსვლის და გადაადგილების უფლება, რომლის შეზღუდვაც შეიძლება კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ანალოგიური მიდგომა არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით, რომელიც განსაზღვრავს პირადი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ამ შემთხვევაში, ინდივიდთა ჩხრეკა უნდა განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია დამატებით ადგენს, რომ ჩხრეკისას აუცილებელია კანონიერი საფუძველი, ლეგიტიმური საჯარო მიზანი და პროპორციულობა შეზღუდვასა და შემზღუდავ ღონისძიებას შორის. ” - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი პოლიციის შესახებ კანონის 91-ე მუხლის შესახებაც საუბრობს. პირის შეჩერებისთვის გონივრული ეჭვი უნდა არსებობდეს.”ამავდროულად, პოლიციელებს წარმოეშობათ ვალდებულება გააცნონ თავიანთი ვინაობა და წარუდგინონ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შეჩერებულ პირებს.” - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მოქალაქეებს მოუწოდებს, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართონ.

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზანი შესრულებული ვერ იქნება, თუ იგი ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევით განხორციელდება.

”აქვე გვინდა აღვნიშნოთ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით,  ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული რამდენიმე შემთხვევის შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 აგვისტოს გააჩერეს და გაჩხრიკეს ჟურნალ „ტაბულას“ ჟურნალისტი, რომელსაც წაუშალეს გადაღებული მასალა. ამავდროულად, საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია იქნა დაკავებული. ი. ჩაჩიბაიას განცხადებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა.  საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის გაუმართლებელი შეზღუდვა. მათი საქმიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც პლურალისტული სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელია. ჟურნალისტების საქმიანობა წარმოადგენს სახელისუფლებლო სტრუქტურების სამოქალაქო კონტროლის კანონიერ და ეფექტურ საშუალებას და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული. ” - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს მთავარ პროკურორს მოუწოდებს, აღნიშნული ფაქტები გამოიძიონ. შესაძლო დამრღვევი პირები კი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

 

 

კომენტარები