ილია მეორეს განცხადება

ტყის განაშენიანების ფონდს პრემიერმინისტრის მეუღლე უხელმძღვანელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, ტყის განაშენიანების ფონდი ჩამოყალიბდება, რომელსაც პრემიერმინისტრის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

”მე შევთავაზე ბატონ ბიძინას, ჩამოყალიბდეს ფონდი, რომელიც ტყის განაშენიანებას მოემსახურება. ტყე ჩვენი ფილტვებია, ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი კარგი მომავალი. ვთხოვე ბატონ ბიძინას, ამას სათავეში ჩაუდგეს ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე, პრემიერმინისტრის მეუღლე. მათ თანხმობა თქვეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებმა ამ საქმეში აქტიური მონაწილეობა მიიღონ" - განაცხადა კათალიკოს-პატრიარქმა. 

 ილია მეორეს თქმით, მისი ინიციატივით, ახალგაზრდები ყოველ დარგულ ნერგზე 0.50 თეთრს მიიღებენ. მისი განცხადებით სტუდენტებს დახმარება ჭირდებათ და დღეში დარგული 20 ნერგისთვის მიღებულ გასამრჯელოს, შეიძლება დახმარებაც ეწოდოს. "სტუდენტებს სჭირდებათ დახმარება და მე ვთხოვე ბატონ ბიძინას, ჩვენს ახალგაზრდებს ყოველ დარგულ ნერგზე მიეცეთ 50 თეთრი. ეს მათ სწავლისა და არსებობისთვის დაეხმარებათ. ახალგაზრდობასაც ექნება ინტერესი. ამასთან ერთად, ფონდი გააკეთებს ყველაფერს, რომ ნერგების ზემოთ იყოს წყლის რეზერვუარი და ყველა ნერგის ძირში ჩადიოდეს წვეთოვანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ნერგი გაიხარებს. ყოველმა ახალგაზრდამ შეიძლება დღეში დარგოს 20 ნერგი და მიიღოს შესაბამისი გასამრჯელო, რომელსაც შესაძლოა დახმარება ვუწოდოთ” - განაცხადა ილია მეორემ.

პარასკევს ილია მეორე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ესტუმრა და როგორც თავად აღნიშნავს შეხვედრით ძალიან კმაყოფილია.”მე დიდად კმაყოფილი დავბრუნდი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან და იმედით ვუყურებ მომავალს. ღმერთმა ინებოს, მოგვეცეს გული გონიერი, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ღვთის სადიდებლად და სამშობლოს სასარგებლოდ" - აღნიშნა პატრიარქმა.  

კომენტარები