საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: ჩემი კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არ განიხილება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არ განიხილება და არც უნდა განიხილებოდეს, რადგან სწორედ პარლამენტი ამტკიცებს მთავრობას.

"უშუალოდ ჩემს კანდიდატურას რაც შეეხება, უნდა გითხრათ, რომ ეს არ განიხილება და არც უნდა განიხილებოდეს, რადგან მე მაქვს ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე და თან პარლამენტი ქმნის მთავრობას და ჩვენ, პარლამენტმა უნდა შევქმნათ მთავრობა და ჩვენი ფუნქცია გავაგრძელოთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია პრემიერმინისტრის კანდიდატურასაც სათანადოდ გამოავლენს და შემდგომი კოალიციური ცხოვრებაც იქნება გაცილებით საინტერესო", - აღნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე.

უსუფაშვილის თქმით, პარლამენტსა და პრემიერს შორის პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არ იქნება, რადგან პრემიერმინისტრი კოალიციის ლიდერია, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობას სწორედ კოალიცია ქართული ოცნება წარმოადგენს. უსუფაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღიდან ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, ხოლო მთავრობა ავტომატურად გადამდგარად ითვლება. 

კომენტარები