საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: მოწმეთა დაკითხვის ინსტიტუტის ამოქმედება სისტემას დატვირთავდა

მოწმეთა დაკითხვის ახალი ინსტიტუტის ამოქმედების ორი წლით გადავადებასთან დაკავშირებით, რომლითაც საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ინიციატივას დათანხმდა, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა. უსუფაშვილის თქმით, მას ეს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად არ მიაჩნია, თუმცა ფიქრობს, რომ რეალობის გათვალისწინებით აუცილებელი იყო. 

”ამ საკითხს თავისი, საკმაოდ სევდიანი ისტორია აქვს. ის თავიდან იქნა შემოღებული ნაციონალური მოძრაობის მიერ, ამის თაობაზე მრავალი საზეიმო ღონისძიება გაიმართა და ბევრი ანგარიში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომ აი, რამხელა ნაბიჯით მივდივართ, ზარზეიმს მხოლოდ ერთი მოვლენა უსწრებდა წინ, ამ ხმაურში, ეს იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, რომელზეც ოთხი წელი ნაციონალური მოძრაობა წარმატებით ლაპარაკობდა და ბოლოს შემოიღო ერთ სასამართლოში, ერთ საქმეზე, მაგრამ როგორც პიარის დიდოსტატებს სჩვევიათ, მოახერხეს ის, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მკვიდრდება. ამაში მაგრები იყვნენ, ეს უნდა ვაღიაროთ”, - განაცხადა უსუფაშვილმა

მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ინსტიტუტი შემოღებისთანავე გადადო - ”შემოიღეს და ეგრევე გადადეს მომავლისთვის. მაგრამ მიიღეს ყველა კრედიტი რაც უნდა მიეღოთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტი დაინერგა, მაგრამ გადადეს საკანონმდებლო დონეზე, ისე რომ თითი-თითზე არ დაუკარებიათ, რომ მომზადებულიყო სისტემა ამ ნოვაციისთვის, ჩვენ დაგვხვდა ეს ვითარება და პარლამენტმა რაც გააკეთა, ნაციონალური მოძრაობის შორს გადადებული ვადა გადმოწია ახლოს. ვთქვით, რომ მოდი პირველ სექტემბრამდე ავამუშაოთ ეს ინსტიტუტი. მაგრამ აღმოჩნდა, როგორც ამას ბევრ სხვა სფეროში ვხედავთ, რომ პრობლემები არ დაიყვანება იმ სფერომდე ნაციონალური მოძრაობაა ხელისუფლებაში, ქართული ოცნება თუ ვინმე სხვა. სისტემის ცვლილებებს სჭირდება სისტემური ცვლილება”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თამვჯდომარის განცხადებით, პროცესის ამოქმედების 2 წლით გადადება, არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე საუბარი შეწყდება. უსუფაშვილმა პირობა დადო, რომ 2 თვის განმავლობაში დეტალურად გაწერენ ამ ინსტიტუტის ამოქმედებისთვის საჭირო ნაბიჯებს.

”ამიტომ ჩვენ, პარლამენტს მოგვიწია პირველი სექტემბრიდან ისევ პირველ დეკემბრამდე ამ ვადის გადაწევა. ჩვენ გვქონდა დაპირება სამართალდამცავი სისტემიდან, რომ ამ ოთხ თვეში ამუშავდებოდა ამ ინსტიტუტის, ამ მოდელის ეტაპობრივი ამუშავების მოდელი. შეიძლებოდა ეს ყოფილიყო კონკრეტულ დანაშაულებზე, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო კონკრეტულ პირთა წრესთან მიმართებაში, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო კიდევ სხვა ისეთ ვითარებებში, როდესაც ერთბაშად ეს არ დააწვებოდა სასამართლოებს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად შრომატევადი იქნება თუ დროისტევადი იქნება ეს საკითხები. მაგრამ ესეც არ მოხდა და დეკემბრის ბოლოს ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც კვლავ არ არის მზად სისტემა. თუ ჩვენ, პარლამენტი არ გავიზიარებდით მთავრობის ინიციატივას და არ გადავდებდით მოქმედებას ამ დებულების, მაშინ სრულიად გარდაუვალი იყო, გარკვეული თვეების განმავლობაში უმძიმესი ვითარება სამართალდამცავ სტრუქტურაში კონკრეტულ გამოძიებებისას. 

თუ ჩვენ დავიწყებდით იმაზე საუბარს, რომ მოდი ახლა 6 თვით გადავწიოთ და 2 წლით რატომ ითხოვთ, ვშიშობ, რომ განმეორდებოდა იგივე და 6 თვის შემდეგ ისევ გადასაწევი გახდებოდა ეს ვადა. ამასობაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ორი წლით გადავადება რაღაც ინსტიტუტის ამოქმედების, ისე რომ არ არსებობს ორწლიანი გეგმა ამ ინსტიტუტის ასამოქმედებლად მოსამზადებელი სამუშაოების, ეს არის თავის მოტყუებაც და სხვისი მოტყუებაც. ამიტომ მე პირადად მივეცი ხმა ორი წლით გადადებას, არა იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, არამედ იმიტომ, რომ შექმნილ ვითარებაში სხვა გადაწყვეტილება უბრალოდ შეუძლებელი იყო და აზრი არ ჰქონდა. მაგრამ ამასობაში ვთქვით ძალიან ხმამაღლა, რომ უახლოეს თვეებში, მარტის ბოლომდე, მთავრობასთან ერთად ჩვენ პარლამენტში ჩვენ შევალთ საკანონმდებლო ინიციატივით, რომ ან დასაბუთებულად უარს ვიტყვით ამ ინსტიტუტსა და ამ მოვლენაზე და ამის ახსნას შევძლებთ საზოგადოებისთვის, ან დავადგენთ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებსა და ეტაპებს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ინსტიტუტი დაინერგოს. ამ თემაზე რაღაც ისეთი ემოციური დამოკიდებულებები, რომ არა, ხვალვე იყოს, ასე მარტივი არ არის ეს საქმე. და ამიტომ თქვენც გპირდებით, რომ 2 წლით გადადება არ ნიშნავს იმას, რომ ეს თემა 2 წლით გადაიდო. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ პირიქით, უახლოესი 2 თვის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშაოთ და დაახლოებით მარტისთვის ან ერთი დავასაბუთოთ ან მეორე გეგმა დავდოთ. და გავიზიაროთ აქედან გამომდინარე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, შედეგებიც და ა.შ.”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები