შს სამინისტრო

ღარიბაშვილი: სამეგრელოში პატრულის ეკიპაჟების რაოდენობას 30%-ით ვზრდით

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა 30%-ით იზრდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, ზუგდიდში თქვა, სადაც რეგიონის მთავარ სამმართველოს ახალი საპატრულო მანქანები გადასცა. მისი თქმით, ეკიპაჟების რაოდენობა მშვიდობის და უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფისთვის იზრდება.

"ვამატებთ ანაკლიის მიმართულებას, რითაც ვაფართოებთ პატრულირების არეალს და ვაუმჯობესებთ მომსახურებას. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ეფექტურად დავიცვათ წესრიგი მთელს რეგიონში და, მათ შორის, კონფლიქტისპირა ზონებში", - თქვა მინისტრმა. ღარიბაშვილის განცხადებით, შსს-ს თითოეული თანამშრომელისთვის უდიდესი პატივია - ემსახუროს სამშობლოს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ქვეყნის სამსახური რეგიონში, "რომელიც ესაზღვრება ჩვენს დიდ ტკივილს და სევდას - აფხაზეთს". ღარიბაშვილის თქმით, დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ასობით ათასმა აფხაზეთიდან დევნილმა თავშესაფარი იპოვა სვანეთსა და სამეგრელოში.

"ვერანაირი მასპინძლობა ვერ გაანელებს იმ ტკივილს, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ დავბრუნდებით. აფხაზ და ოს ძმებთან აღვადგენთ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას, ნდობას და ენგურის ხიდი გახდება არა წყალგამყოფი ჩვენი ერთიანობისა, არამედ გამაერთიანებელი ჩვენი საერთო მომავლისა. ამისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თითოეულმა თანამშრომელმა გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიულ რეგიონში მშვიდობა და ადამიანის უფლებების დაცვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე შეფასებით, ახალი ხელისუფლების პირობებში რეფორმირება და განახლება შეუქცევადი პროცესია.

"ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიზებულ მმართველობაზე ჩვენს სისტემაში, რითაც ქვეყანაში სიმშვიდე და თავისუფლება გავხადეთ რეალური და არა მოჩვენებითი. ჩვენ ღირსება დავუბრუნეთ თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს და თითოეული პოლიციელი დაუბრუნდა თავის ძირითად საქმიანობას - ემსახუროს ხალხს", - დასძინა ღარიბაშვილმა.

კომენტარები