ჯარისკაცების მოწამვლა

ალასანია ჯარისკაცების მოწამვლაზე: შესაძლოა, ეს საბოტაჟი იყოს

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, შესაძლოა, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები საბოტაჟს უკავშირდებოდეს. ალასანიას თქმითვე,  მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები მიმდინარეობს არა მის წინააღმდეგ, არამედ ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის.

"ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები ადრეც ყოფილა და ეს ნაკლებად მაღელვებს, მთავარი პრობლემაა ის, რომ მიდის მიზანმიმართული კამპანია ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის, ვგულისხმობ არა მხოლოდ ბოლო პერიოდის მოვლენებს. რამდენიმე თვეა დაიწყო ქართული ჯარის და NATO-ში ჩვენი გაწევრიანების დისკრედიტაცია.  რაც შეეხება ბოლო პერიოდის მოვლენებს, გამოძიება მიმიდინარეობს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შეიძლება საბოტაჟთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავასწრებთ. გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება. გამოძიებული საქმეების ნაწილი ჩვენ გავუგზავნეთ გენერალურ პროკურატურას. ნაწილს კი, ჩვენ თვითონ ვიძიებთ", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, 2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ დიარეის 18 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, 13 ჯარისკაცი 11 ივნისს მოიწამლა, ხოლო 7 სამხედრო მოსამსახურეს ოქტომბერში დაუდასტურდა მსუბუქი ინფექციური წარმოშობის დიარეა და გასტროენტერიტი. უწყების ინფორმაციით, ამ შემთხვევების შედეგად, 91 სამხედრო გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით.

ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 39-მა ახალწვეულმა სამედიცინო დაწესებულებებს დიარეის ნიშნებით მიმართეს. მაიორ ავთანდილ აბაშიძის განცხადებით, ჯარისკაცებს ერთჯერადი მსუბუქი ფაღარათი ჰქონდათ, თუმცა მეორე დილით თავს ყველა მათგანი კარგად გრძნობდა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი სამხედრო მოსამსახურეების ინტოქსიკაციას არ უკავშირდება.

კომენტარები