ჯარისკაცების მოწამვლა

მარგველაშვილი: სავარაუდოდ, თავდაცვის სისტემაში საბოტაჟს აქვს ადგილი

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, თავდაცვის სისტემაში საბოტაჟს აქვს ადგილი. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ეს არ ნიშნავს ირაკლი ალასანიასთან დაპირისპირებას. მისი თქმით, საბოტაჟი განათლების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობაშიც ხდებოდა.

"განათლების სისტემაში საბოტაჟის შესახებ ვსაუბრობდი დეკემბერ-იანვრიდან. ძალიან ხშირ შემთხვევაში გვექმნებოდა პრობლემები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასევე ძალიან ხშირად სჭირდებოდა სიების გადამოწმება სწორედ იმის გამო, რომ ეს იყო საბოტაჟი. მე ვლაპარაკობდი საბოტაჟის შესახებ იანვარში, თებერვალში, მარტში და ვასახელებდი კონკრეტულ შემთხვევებს, სადაც განათლების სამინისტროს საქმიანობა ხელოვნურად იყო შეჩერებული. ამ საბოტაჟის შეჯამება არის კოჰაბიტაციის პროცესი და ეს დამთავრდება კოჰაბტაციის დასრულებისთანავე. საბოტაჟი არ ნიშნავს დაპირისპირებას. საბოტაჟი ნიშნავს, რომ ადამიანები, ვინც არიან მასში, ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს უქმნიდნენ პრობლემებს. ეს ხდებოდა განათლებაში, სოფლის მეურნეობაში და ეს სავარაუდოდ, ახლა ხდება თავდაცვის სისტემაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროში შესაძლო საბოტაჟზე 19 ოქტომბერს ირაკლი ალასანიამაც ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები საბოტაჟს უკავშირდებოდეს. ალასანიას თქმითვე, მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები მიმდინარეობს არა მის წინააღმდეგ, არამედ ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის.

"ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები ადრეც ყოფილა და ეს ნაკლებად მაღელვებს, მთავარი პრობლემაა ის, რომ მიდის მიზანმიმართული კამპანია ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის, ვგულისხმობ არა მხოლოდ ბოლო პერიოდის მოვლენებს. რამდენიმე თვეა დაიწყო ქართული ჯარის და NATO-ში ჩვენი გაწევრიანების დისკრედიტაცია. რაც შეეხება ბოლო პერიოდის მოვლენებს, გამოძიება მიმიდინარეობს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შეიძლება საბოტაჟთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავასწრებთ. გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება. გამოძიებული საქმეების ნაწილი ჩვენ გავუგზავნეთ გენერალურ პროკურატურას. ნაწილს კი, ჩვენ თვითონ ვიძიებთ", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ დიარეის 18 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, 13 ჯარისკაცი 11 ივნისს მოიწამლა, ხოლო 7 სამხედრო მოსამსახურეს ოქტომბერში დაუდასტურდა მსუბუქი ინფექციური წარმოშობის დიარეა და გასტროენტერიტი. უწყების ინფორმაციით, ამ შემთხვევების შედეგად, 91 სამხედრო გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით.

ამასთან, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 39-მა ახალწვეულმა სამედიცინო დაწესებულებებს დიარეის ნიშნებით მიმართეს. მაიორ ავთანდილ აბაშიძის განცხადებით, ჯარისკაცებს ერთჯერადი მსუბუქი ფაღარათი ჰქონდათ, თუმცა მეორე დილით თავს ყველა მათგანი კარგად გრძნობდა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი სამხედრო მოსამსახურეების ინტოქსიკაციას არ უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატებმა რამდენჯერმე გაავრცელეს ინფორმაცია ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ. ერთერთ ბოლო ბრიფინგზე, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საკვებით 700 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა, რასაც თავდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულ სიცრუეს უწოდებს.

კომენტარები