საქართველოს რესპუბლიკური პარტია

დავით უსუფაშვილი: ნებისმიერი წინსვლა და პროგრესი შოკისმომგვრელ იდეებს მოაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიის მე-15 ყრილობაზე, რომელიც ექსპო ჯორჯიას საგამოფენო დარბაზში იმართება, პარტიის თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ მიმართა თანაპარტიელებს. დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიის იდეებზე, ქვეყნის მართავში მის როლსა და ღირებულებებზე ისაუბრა.

"რესპუბლიკური პარტია არასდროს არ ყოფილა სუპერ პოპულარული პარტია საქართველოში. ჩვენ ეს ვიცით და ვიცით, რომ ეს ასევე გაგრძელდება და ამ ცოდნითა და ამ გააზრებით ვართ შეკრებილი პარტიაში. მესმის, რომ ძალიან ხშირად ბევრი ჩვენგანი აღშფოთდება ხოლმე დაუმსახურებელი კრიტიკით იმიტომ, რომ ზოგჯერ ისმის გარკვეული ბრალდება, თითქოს რაღაც ისეთი ქართველები არ ვართ, როგორიც უნდა ვიყოთ, თითქოს ისე არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, როგორც უნდა გვიყვარდეს. საქმე საქმეზე რომ მიდგება და ჩაეძიები ოპონენტს, მაინც რა გინდა, რას გვერჩი, ვერაფერს ვერ ამბობენ და რა უნდა თქვან? მაინც რა გვინდოდა რესპუბლიკელებს და რა გვინდა დღეს? 35 წლის წინ შეიკრიბა პარტიის დამფუძნებელთა ერთობა და თქვეს, აღარ გვინდა საბჭოთა კავშირი, აღარ გვინდა კომუნიზმი. მაშინ ამისთვის ეს ხალხი ციხეებში ჩასვეს. გავიდა სულ ათიოდე წელი და დამთავრდა ის საბჭოთა ეპოქა, კომუნიზმი და ჰოი საოცრებავ, დღეს მე პირადად რამდენ ყოფილ დისიდენტსაც ვიცნობ, ვინც გამეცნო ასეთად, თურმე 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისთვის, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძოდა. აღმოჩნდა, რომ თურმე მთელი საქართველო ამისთვის იბრძოდა, უბრალოდ დანარჩენები ვერ ვხედავდით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია ბოლომდე დარჩება კოალიცია ქართულ ოცნებაში და იზრუნებს ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. მან პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პარტიის ყრილობას ესწრება, მადლობაც გადაუხადა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განხორციელებული ცვლილებებისთვის.

"როდესაც რესპუბლიკელებმა ვთქვით, რომ ევროპა არის ჩვენი კულტურული, პოლიტიკური გარემო, სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ, მაშინ გაჩნდა გარკვეული ხიფათის განცდა, ამითი ხომ არ ემუქრება ჩვენს კულტურას, ჩვენს ქვეყანას და ა.შ. ახლა ნახეთ ნებისმიერი გამოკითხვის შედეგები, თუნდაც არჩევნების შედეგები, რომელიც არაპირდაპირად ასახავს ამ ყველაფერს, საქართველოს 80%-ს უნდა ევროპა და ეს საკითხი ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილია, თუმცა, ვინც უფრო ადრე დაიწყო ამ იდეების ქადაგება, მასთან დარჩა გარკვეული კითხვები. ეს ასეა და ეს ასე იქნება იმიტომ, რომ ნებისმიერი პროგრესი, ნებისმიერი წინსვლა მოაქვს საწყის ეტაპზე შოკისმომგვრელ იდეებს, ისეთ იდეებს, ისეთ ხედვებს, რომელიც არის ახალი და რა თქმა უნდა, ეს თავიდან საზოგადოებისთვის მიუღებელია. საზოგადოება მერე ამ იდეებს ეგუება და პროგრესი წინ მიდის", - თქვა სიტყვით გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1978 წლის 21 მაისს დაარსდა. ამჟამად რესპუბლიკური პარტია სახელისუფლებო კოალიცია ქართული ოცნების წევრია, პარლამენტში კი შექმნილია ფრაქცია ქართული ოცნება-რესპუბლიკელები.

კომენტარები