უსუფაშვილის ვიზიტი ლიტვაში

დავით უსუფაშვილი ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა

parliament.ge

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები, ვილნიუსის სამიტის მოლოდინები და სამიტის შემდგომი პერიოდი იყო.

შეხვედრაზე უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ლიტვის სეიმის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში. მხარეებმა ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს.

დავით უსუფაშვილის ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, ლიტვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვალერი გელაშვილი და ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი გიორგი ვაშაძე არიან.

შეხვედრის შემდეგ ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ლიტვაში ვიზიტი ვილნიუსის სამიტზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. 

დავით უსუფაშვილი ლიტვაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

კომენტარები