უსუფაშვილის ვიზიტი ლიტვაში

საქართველოს პარლამენტი: ლინკევიჩუსმა საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასა

ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ვილნიუსის სამიტზე ისაუბრეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ეს იყო მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი. დავით უსუფაშვილმა და ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, უკვე დაიგეგმოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ვილნიუსის სამიტის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელი ნაბიჯები, რათა დაჩქარდეს დოკუმენტების ხელმოწერა და რატიფიკაცია.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. ლინას ლინკევიჩუსმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართ, დაგმო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ჯარის უკანონო ქმედებები და აღნიშნა, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ საზღვრებში.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა და მის პრიორიტეტად კვლავ რჩება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია.

"ჩვენ დავრჩებით მყარ პარტნიორებად დასავლური სამყაროსთვის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დღესვე, დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ლიტვაში ქართული კულტურის დღეების გახსნას დაესწრება და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. 

კომენტარები