გაერთიანებული შტაბის უფროსი

მაჭავარიანი: ვახტანგ კაპანაძის დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ka.wikipedia.org

უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად ვახტანგ კაპანაძის დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როგორც მაჭავარიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის საკითხს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილავენ და ამ თემაზე პოლიტიკოსები არ მსჯელობენ. 

"პოლიტიკოსებმა იჩქარეს. ყველაზე ცუდი, რაც ამ ხნის განმავლობაში მოხდა, ის არის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ბოლო წლებში ვიყავი პარლამენტის ვიცესპიკერი, შემდეგ პირველი ვიცესპიკერი და ჩემი კარიერის განმავლობაში, არასდროს შეხება არ მქონია იმასთან, თუ ვინ იქნებოდა გენერალური შტაბის უფროსი. ვინაიდან, ეს მაშინდელი პრეზიდენტის და შეიარაღებული ძალების უშუალო კომპეტენცია იყო. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ ვახდენდით საკითხების პოლიტიზაციას, მაგრამ ამას ჯართან მიმართებაში არ მივიღებთ", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ძნელაძე ერთ-ერთი ყველაზე კარგი სამხედროა.

"ის არის ყველაზე განათლებული სამხედრო სფეროში, რომლის მისამართით არანაირი პრეტენზიები არ არსებობდა - არც პოლიტიკური და არც სამხედრო მიზანშეწონილობის თვალსაზრისით", - თქვა უმცირესობის წევრმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დანიშნა. კაპანაძემ ამ თანამდებობაზე პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე შეცვალა.

კომენტარები