გაერთიანებული შტაბის უფროსი

ალასანია: ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურას, პრაქტიკულად, ალტერნატივა არ ჰყავდა

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურას, პრაქტიკულად, ალტერნატივა არ ჰყავდა. როგორც თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც გაერთიანებული შტაბის უფროსად დღეს დაინიშნა, ძალიან გამოცდილი სამხედროა.

"მას აქვს სოლიდური განათლება მიღებული. ასევე, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც ქართულ ჯარში, ასევე საერთაშორისო მიმართულებითაც. კაპანაძის კანდიდატურას, პრაქტიკულად, ალტერნატივა არ ჰყავდა. იმიტომ, რომ ის არის ძალიან გამოცდილი სამხედრო. არცერთი ბრძოლა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მისი თანამონაწილეობის და მისი ქვეყნისადმი ერთგულების გარეშე არ მომხდარა. დარწმუნებულები ვართ, რომ იმ ფუნდამენტზე, რომელიც ჩავყარეთ ერთი წლის განმავლობაში, დავაშენებთ ძლიერ, მობილურ არმიას", - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ირაკლი ძნელაძე აუცილებლად დარჩება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს, ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი სასიკეთო ფუნდამენტი ჩავყარეთ რეფორმირების კუთხით. ერთი წლის განმავლობაში კოორდინირებულად და სინქრონულად ვმუშაობდით. შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს მუშაობა სწორად გაიმიჯნა. ეს იყო პირველი ამოცანა. მეორე ამოცანა იყო სრული დეპოლიტიზაცია და თქვენ ნახეთ, როგორც ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ირაკლი ძნელაძე აუცილებლად დარჩება შეიარაღებულ ძალებში", - თქვა ალასანიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დანიშნა. კაპანაძემ ამ თანამდებობაზე პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე შეცვალა. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად ვახტანგ კაპანაძის დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

 

კომენტარები