უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

ვოლსკი: უმცირესობის განცხადება პრაგმატიზმსა და დიპლომატიურ პრინციპებს სცდება

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე უმცირესობის მიერ შეთავაზებული განცხადება პრაგმატიზმის, დიპლომატიური პრინციპებისა და იმ აუცილებელი პირობის ფორმატს სცდება, რასაც უკრაინისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში სხვა ქვეყნების ინტერესების დაცვა ჰქვია.

“ანთებული ხანძარი, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ ჩაქრეს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არა იმისთვის, რომ ზედ ნავთი დავასხათ, არამედ მსოფლიოს ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა ვუთხრათ, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ არამარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვის, რათა ამ გზაზე წარმატებას მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ შემუშავებული განცხადება არის საქმიანი, ჩამოყალიბებული დიპლომატიური ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით”, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ უმრავლესობის მიერ შემუშავებული განცხადების პროექტის წარდგენისას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოვლენებთან და ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით უმცირესობა და უმრავლესობა ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდა. ამიტომ სესიაზე განცხადების ორი პროექტი გადის.

უმრავლესობის განცხადების პროექტი ექვსპუნქტიანია და მასში საუბარია ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მხარდაჭერაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით.

უმცირესობის განცხადების პროექტი კი უკრაინის მოვლენებს ეხება. დოკუმენტში გამოთქმულია სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ, ასევე გამოთქმულია შეშფოთება უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო. პროექტში გამოთქმულია იმედი, რომ მოხერხდება არსებული წინააღმდეგობების გადალახვა, უკრაინის მთავრობა რუსეთის ფედერაციის შანტაჟს არ დაექვემდებარება და ევროპული ინტეგრაციის გზას არ გადაუხვევს.

კომენტარები