უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

იაცენიუკი: ჩვენ ყველას ერთი მიზანი, თავისუფლებისათვის ბრძოლა გვაერთიანებს

არსენი იაცენიუკი

"ევროპაში აღარასოდეს იქნება ახალი ბერლინის კედელი", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და მოლდოვის პრემიერმინისტრ იური ლეანკასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

იაცენიუკის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთი მიზანი - თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლა აერთიანებთ.

"უკრაინამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს, ქვეყანაში გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა და ეს საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრდა ახალი, ლეგიტიმური პრეზიდენტის არჩევით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ გერმანიის და ყველა ევროპელი პარტნიორის პოზიციას ჩვენს არჩევნებთან მიმართებით", - განაცხადა იაცენიუკმა.

როგორც უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, მის ქვეყანაში ჯერ ისევ რთული ვითარებაა. მისი თქმით, ყველა ქვეყანამ საერთაშორისო ვალდებულები უნდა შეასრულოს და პირველ რიგში ეს რუსეთს ეხება.

”ჩვენ მთელი გამოწვევები და პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავწყვიტოთ. ეს ასევე ეხება უკრაინისა და ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას ერთობლივი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სწორი პასუხი გაგვაჩნია - უკრაინა არის ენერგეტიკული ქარტიის მონაწილე და იგი წვლილს შეიტანს ევროპის რეალურ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში", - განაცხადა იაცენიუკმა.

კომენტარები