პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დასაკომპლექტებლად კონკურსი გამოცხადდა. ღია კონკურსის წესით 9 წევრს აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გამოსცა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ მცირე ხუთი წელი ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციის, სახელოვნებო, სამწერლობო ან სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა 12 დეკემბერია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს პარლამენტი დაამტკიცებს.

სამეურვეო საბჭო ქმედუუნარო მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან გახდა - მას შემდეგ, რაც ავთანდილ ანთიძემ საბჭო დატოვა. შედეგად, 15 წევრიან საბჭოში 7 წევრი დარჩა. კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებები სრული შემადგენლობის უმრავლესობის [მინიმუმ 8 წევრი] მონაწილეობით მიიღება.

კომენტარები