პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

სერგო რატიანი მაუწყებლის შესახებ უსუფაშვილის განცხადებაზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებული პროცესების წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა თავად მას ეკისრება, თქვა, რომ პასუხისმგებლობა უსუფაშვილს სრულად მას შემდეგ ეკისრება, რაც მან არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება არ გაითვალისწინა. ორგანიზაციების აზრით, მეურვეობის კანდიდატები კომისიის ძველ შემადგენლობას უნდა შეერჩია.

"სრულად პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს მას შემდეგ ეკისრება, რაც ბატონმა დავითმა არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება და განაცხადა, რომ მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევად იგი ახალ კომისიას დააკომპლექტებს. 27 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს მიმართეს, რომ, ახალი კონკურსის ორგანიზების შემთხვევაში, მეურვეობის კანდიდატთა შერჩევა კომისიის ძველმა შემადგენლობამ უზრუნველყოს, რათა კომისიის მიერ უკვემოპოვებული ნდობა საბჭოს დაკომპლექტების საბოლოო შედეგშიც აისახოს, იყოს გარანტირებული. პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ მოახერხა უმრავლესობის წინაშე დაეცვა ის კომისიაც კი, რომელიც თავად დააკომპლექტა და რომელმაც ქართული საზოგადოებისა და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის გარკვეული ნდობა მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ მოახერხა, დაეკომპლექტებინა სამეურვეო საბჭო იმ პირობებში, როდესაც მიიღო ახალი კანონი, შეცვალა ის ორ თვეში, პარლამენტის თავმჯდომარის საშუალებით შექმნა კომისია, რომელმაც შეარჩია და წარუდგინა პარლამენტს 27 კანდიდატი", - თქვა რატიანმა.

სერგო რატიანის თქმით, კომისიის ხელახალი დაკომპლექტების გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესის სრული დისკრედიტაცია.

კომენტარები