ალექსანდრე ჭიკაიძე

ჭიკაიძე: არ ვსარგებლობდი ისეთი ნდობით, რომ დანაშაულებრივი ქმედება დაევალებინათ

ალექსანდრე ჭიკაიძე
შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას შსს-ში მუშაობის პერიოდში, 2008-2012 წლებში ხელმძღვანელობისგან უკანონო დავალებები არ მიუღია.

"ის, ვინც უკანონო ბრძანებას გასცემდა და ასრულებდა, ან უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, ან საქართველოდან გაქცეულია. მე რომ უკანონობა ჩამედინა, დღეს არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ.

მე არ ვსარგებლობდი ხელმძღვანელობის ისეთი დიდი ნდობით, რომ ჩემთვის დანაშაულებრივი ქმედება დაევალებინათ", - აცხადებს ჭიკაიძე და იქვე განმარტავს, რომ ის 2011 წლის 26 მაისს საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევაში არ მონაწილეობდა.

"მაშინ პოლიცია ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. ქალაქის მთავარი სამმართველო მთლიანად იყო მობილიზებული. მე ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში ვიყავი და ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. ასე რომ, არც რუსთაველის პროსპექტზე ვმდგარვარ და არც ხელკეტი მჭერია", - განუცხადა კვირის პალიტრას ჭიკაიძემ, რომელიც შს მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის ნოემბერში დანიშნა.

როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიცია ხელისუფლების პოლიტიკური ნების უპირობო შემსრულებელი იყო.

"მე მაშინაც ვმუშაობდი ამ სისტემაში და ვიცი, რომ ბევრი პოლიციელი პოლიტიკურ წნეხში იყო, თანაც იმდენად, რომ მწვავე ნევროზულ მდგომარეობამდე იყო მისული", - ამბობს შს მინსიტრი. კვირის პალიტრამ მინისტრ ჭიკაიძეს ასევე ჰკითხა, იცოდა თუ არა იმ ფაქტებს შესახებ, რომელიც სამეგრელოში საიდუმლო საცავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე იყო აღბეჭდილი, რაზეც ჭიკაიძე პასუხობს:

"ერთია, როცა ჭორად იცი რაღაც და მეორე, როცა ფაქტის შესახებ გაქვს ინფორმაცია. რასაკვირველია, როცა ერთი რიგითი, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი თანამშრომელი (თუნდაც თანამზრახველებთან ერთად) სჩადის დანაშაულს, მხოლოდ ის აგებს ამ ქმედებაზე პასუხს, მაგრამ სულ სხვაა, როცა ადამიანის ღირსების შემლახველ დანაშაულს მასობრივი ხასიათი აქვს. ამას ვიდეოფირების რაოდენობაც მოწმობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დანაშაულებრივ საქმიანობაში შსს-ს ხელმძღვანელობაც იყო გარეული, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, ჭეშმარიტებაც დადგინდება და ყველა, ვინც ამ სასტიკ დანაშაულებს სჩადიოდა, დაისჯება".

ალექსანდრე ჭიკაიძემ შსს-ში მუშაობა 2008 წელს დაიწყო და 2012 წლამდე თბილისის მთავარი სამმართველოს სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიკაიძე ჯერ კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, შემდეგ კი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა.

კომენტარები