თავშესაფარი მიუსაფართათვის

ომბუდსმენი დროებითი თავშესაფრების საკითხზე საგანგებო ჯგუფის შექმნას მიესალმება

ombudsman.ge

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მიუსაფართა პრობლემების მოსაგვარებლად საგანგებო ჯგუფი შეიქმნა, სახალხო დამცველი მიესალმება. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი ომბუდსმენის განსაკუთრებული წუხილის საგანს წარმოადგენს.

„10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შეჯამებისას, საქართველოს სახალხო დამცველმა ხელისუფლების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად სწორედ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრისზე უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გამოყო. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, როდესაც ორგანიზაცია იდენტობის ინიციატივა თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით კრიტიკის საგანი გახდა, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უსახლკაროთა პრობლემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის პირობებში, მისასალმებელი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ამავე დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას, ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით გადაედგათ დაუყოვნებლივი ნაბიჯები დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად, უსახლკარო პირთა ქუჩაში გაყინვისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რისკი მინიმუმამდე შესამცირებლად. 2013 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე საგანგებოდ შექმნილი ჯგუფი იზრუნებს. ჯგუფს უსახლკარო მოქალაქეთათვის რამდენიმე დროებით თავშესაფრის უმოკლეს ვადაში მოწყობა დაევალა. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომლის აღსრულების შემთხვევაშიც, შესაძლებელია, დროებით მოგვარდეს უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პრობლემის გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტისთვის, აუცილებელია ამ მიმართულებით კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, უსახლკაროთა აღრიცხვა, ერთიანი მონაცემთა ბაზის შემუშავება, საბინაო ფონდის შექმნა და სხვა“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა. ჯგუფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები. როგორც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ჯგუფის მუშაობაში, ასევე, ჩაერთვებიან შსს, თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფის გადაწყვეტილებით, მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი ძირითადად, კარვები იქნება. როგორც ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს საათებში გადაწყდება თუ სად დაიდგმება კარვები. ნარმანიას ინფორმაციით, კარვები 20-კაციანი იქნება და მათ მიწოდებას თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

კომენტარები