ლევან კობიაშვილი

ბილდი: 36 წლის კობიაშვილმა ლევანდოვსკის განეიტრალება შეძლო

კობიაშვილი ლევანდოვსკის წინააღმდეგ
BILD.DE

ლევან კობიაშვილმა, რომელიც ბერლინის ჰერტაში მეოთხე სეზონს ატარებს, დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ, მისთვის უჩვეულო - ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა და მოწინააღმდეგე გუნდის საუკეთესო თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დაჯაბნა.

ქართველ ფეხბურთელს ცენტრალურ მცველად აქამდე არასოდეს უთამაშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესანიშნავად გამოიყურებოდა. მისი თამაში ორმა ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გერმანულმა გამოცემამ ბილდმა და კიკერმა გამოარჩია. კობიაშვილი კიკერის მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც კი მოხვდა, ბილდმა კი ქართველის მიერ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის განეიტრალება აღნიშნა.

საგულისხმოა, რომ კობიაშვილს კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის მეურვეობა დავალებული არ ჰქონია, მაგრამ მატჩისშემდგომ კომენტარში ჰერტას მთავარმა მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ სწორედ ქართველი და პოლონელი ფეხბურთელების დაპირისპირებას გაუსვა ხაზი.

"კობი, ღმერთო ჩემო! ვფიქრობ, ლევანდოვსკიმ მას ერთი დუელიც კი ვერ მოუგო", - განაცხადა იოს ლუჰუკაიმ.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ჰერტამ ბორუსია სტუმრად, ანგარიშით - 1:2 დაამარცხა. გოლები მასპინძელთაგან მარკო როისმა, დედაქალაქელების მხრიდან კი ადრიან რამოსმა და სამი ალაგუიმ გაიტანეს.

კომენტარები