სასამართლო სისტემის რეფორმა

სასამართლო განაჩენების დასაბუთებულობის გაუმჯობესებაზე კომისია იმუშავებს

დღეს, 24 იანვარს, უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე სახელმძღვანელო წინადადებების შემუშავების მიზნით შეიქმნა.

უზენაესი სასამართლოს განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის საკითხი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რის გამოც გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის პრობლემატიკაზე წლების მანძილზე მოსამართლეებს ჩაუტარდათ ათეულობით ტრენინგი. ამ ეტაპზე კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც სწორედ ამ დაგროვილი მასალის ანალიზის, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების შედეგად საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშავოს სახელმძღვანელო წინადადებები სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და სტილისტიკური გამართულობის თაობაზე.

კომისიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში მოქმედ მოსამართლეებთან (სამივე ინსტანციის) ერთად შედიან ცნობილი პროფესორები, ლექტორები, უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომდგენლები, მათ შორის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წინადადებების რეალობაში განხორციელების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, ამაღლდება სასამართლო გადაწყვტილებების დასაბუთებულობის ხარისხი, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის სასამართლოს ეფექტიანობასა და სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობას.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებების დასაბუთებლობის გასაზრდელად წინადადებები შემუშავდება მხოლო სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის. მაგალითად, მათ ნიმუშად წარედგინებათ რომელიმე სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც დასაბუთებულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. კუბლაშვილის მოსაზრებით, აღნიშნულის მიზეზი გახდა ის პრობლემები, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების კუთხით აქამდე არსებობდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, ეს რეკომენდაციები შეეხება მხოლოდ მოსამართლეების მიერ სამომავლოდ გამოსატან გადაწყვეტილებებს და ამას არავითარი კავშირი არ ექნება აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებთან.

კომენტარები