მუხროვანის ამბოხი

ომბუდსმენი: უნდა დადგინდეს გავრცელებული კადრების ავთენტურობა

news.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რამდენად ავთენტურია გუშინ, Youtube-ზე გავრცელებული კადრები.

"გასარკვევია, რამდენად ნამდვილია ის კადრები, რომლებიც გავრცელდა და თუ ნამდვილად ასეა, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

კომენტარები