მუხროვანის ამბოხი

პროკურატურამ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე დააკავა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავა. პროკურატურის განცხადებით, გახსნილია 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები. გამოძიების ვერსიით, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან ტაბიძემ, ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კობა ოთანაძის ნათესავებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და აწამა.

"2009 წლის 20 მაისს, ღამის საათებში, ლევან ტაბიძე და მისი თანხმლები პირები შეიჭრნენ კობა ოთანაძის ნათესავის მურად ზარიძის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც იქ იმყოფებოდნენ მურად ზარიძის მეუღლე ნათია თვაური, ერთი წლის შვილი, მშობლები და დები. ოჯახში შესვლის შემდეგ, ლევან ტაბიძემ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ ნიღბიან პირებთან ერთად დაიწყო სახლში მყოფი მურად ზარიძის და მისი ოჯახის წევრების უმოწყალო ცემა. კერძოდ, ლევან ტაბიძე მივიდა საწოლში მყოფ მურად ზარიძის მეუღლესთან ნათია თვაურთან, რომელსაც სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ გადაინაცვლა დასთან ნათია ზარიძესთან, რომელიც გადმოაგდო საწოლიდან და ძირს დაგდებულს დაუწყო უმოწყალოდ ცემა. ამის შემდეგ, გადაინაცვლა სამზარეულოში, სადაც ამ ყველაფრის შემსწრე მურად ზარიძის დედას რუსიკო ივანიძეს, რომელიც ხმამაღლა ითხოვდა შველას, თავის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, დააგდო ძირს და განაგრძო მისი ცემა. ლევან ტაბიძე მურად ზარიძის ოჯახის წევრებისგან დაჟინებით მოითხოვდა ძებნილ კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას.
იმის გამო, რომ ლევან ტაბიძემ და მისმა თანხმლებმა პირებმა ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის დადგენის კუთხით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მურად ზარიძეს და მისი ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს ე.წ. მოდულის“ შენობაში - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

უწყების მტკიცებით, მოდულის შენობაში, მურად ზარიძე და მისი ოჯახის წევრები რიგრიგობით შეჰყავდათ ლევან ტაბიძის სამუშაო კაბინეტში, სადაც მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. პროკურატურის განცხადებით, მათ შორის, ემუქრებოდნენ მურად ზარიძის მცირეწლოვან - 1 წლის ბავშვს, რის შემდეგაც ნათია ზარიძემ ლევან ტაბიძეს მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის თაობაზე.

"წამებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2009 წლის 20 მაისს, ქალაქ თბილისში, თიანეთის გზატკეცილზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც გია კრიალაშვილი ადგილზე მოკლეს, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი მძიმედ დაიჭრნენ. ლევან ტაბიძეს, ზარიძეების ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის და ამ გზით ძებნილი პირების ადგილსამყოფელის შესახებ მიღებული ინფორმაციის მოპოვებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით გადაეცა ფულადი პრემია 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ვადით. 

"ამავდროულად, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით ჩატარებული ე.წ. მუხროვანის ამბოხებისთვის ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებების დასადგენად" - აღნიშნავს უწყება.

შეგახსენებთ, 2009 წლის 5 მაისს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა ამბოხება მოაწყო. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც კოორდინირებული იყო რუსეთთან" და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. ამასთან, გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი თუ როგორ იგეგმებოდა მუხროვანის ამბოხი.

ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა - გია კრიალაშვილმა, კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა მოახერხეს და მათ პოლიცია 16 დღის განმავლობაში ეძებდა. სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.

2009 წლის 21 მაისს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამეს, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს - ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს - 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს - შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ისინი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა. 

კომენტარები