მუხროვანის ამბოხი

ე.წ მუხროვანის ამბოხების საქმეზე დაკავებულ ლევან ტაბიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

ე.წ მუხროვანის ამბოხების საქმეზე დაკავებულ ლევან ტაბიძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ადვოკატ ვლადიმერ გაბრიჩიძის განცხადებით, ტაბიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს.

ადვოკატის თქმით, მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულების ნათესავებზე ზეწოლა არ ყოფილა და არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ტაბიძის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"ამბოხებულები დააკავეს ოთანაძის ოჯახის წევრების აქტიურობის შედეგად, რაშიც მათ სოლიდური გასამრჯელო აიღეს. დღევანდელი საქმე მთლიანად ემყარება ოთანაძის ოჯახის წევრების ჩვენებებს. ისინი აცხადებენ, რომ ჩვენებები, რომლებიც მათ მისცეს ძველ საქმეზე, გამოსძალეს ცემით და წამებით. ლევან ტაბიძე ამას კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ ამ ჩვენებების სანაცვლოდ, ოთანაძის ოჯახის წევრებს მიღებული აქვთ გასამრჯელო", - განაცხადა ვლადიმერ გაბრიჩიძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე გუშინ დააკავა. პროკურატურის განცხადებით, გახსნილია 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები. გამოძიების ვერსიით, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან ტაბიძემ, ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კობა ოთანაძის ნათესავებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და აწამა. 

ლევან ტაბიძე მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, 2009 წლის 5 მაისს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა ამბოხება მოაწყო. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც კოორდინირებული იყო რუსეთთან" და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. ამასთან, გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი თუ როგორ იგეგმებოდა მუხროვანის ამბოხი.

ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა - გია კრიალაშვილმა, კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა მოახერხეს და მათ პოლიცია 16 დღის განმავლობაში ეძებდა. სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.

2009 წლის 21 მაისს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამეს, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს - ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს - 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს - შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ისინი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა. 

კომენტარები