მუხროვანის ამბოხი

ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმეზე დაკავებულ ლევან ტაბიძეს ბრალი წაუყენეს

ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმეზე დაკავებულ ლევან ტაბიძეს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების მუხლებით წაუყენეს. ადვოკატ ვლადიმერ გაბრიჩიძის თქმით, აღნიშნულ ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 144-ე პრიმა მუხლები ითვალისწინებენ.

ადვოკატის განცხადებით, ლევან ტაბიძის აღკვეთის ღონისძიების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. დაკავებული მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. გაბრიჩიძის თქმით, ტაბიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს.

ადვოკატი აცხადებს, რომ მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულების ოჯახებზე, ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული გამოძიების დროს, ზეწოლა არ ყოფილა და არსებობს მტკიცებულებები, რაც ტაბიძის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"საქმეზე ე.წ. ამბოხებულების დაკავება მოხერხდა ოთანაძის ოჯახის წევრების აქტიურობის შედეგად, რაშიც მათ სოლიდური გასამრჯელო აქვთ აღებული. დღევანდელი საქმე მთლიანად არის დამყარებული ოთანაძის ოჯახის წევრების ჩვენებებზე. ისინი აცხადებენ, რომ ჩვენებები, რომლებიც მათ მისცეს ძველ საქმეზე, გამოსძალეს ცემით და წამებით. ლევან ტაბიძე ამას კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ამ ჩვენებების სანაცვლოდ, ოთანაძის ოჯახის წევრებს მიღებული აქვთ გასამრჯელო", - თქვა ვლადიმერ გაბრიჩიძემ.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გახსნილია 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები.

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დააკავა.

კომენტარები