მუხროვანის ამბოხი

უგულავა: ვინც ვანო მერაბიშვილის საუბარი იცის, მიხვდება რასთან აქვს საქმე

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა მუხროვანის ამბოხს იხსენებს. უგულავა ასევე აღნიშნავს, რომ კადრები მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის გავრცელებული. მისივე თქმით, ვინც ვანო მერაბიშვილის საუბარი იცის, მიხვდება, რასთან აქვს საქმე.

"იმ კონკრეტულ ადგილას მე აღმოვჩნდი პრეზიდენტთან ერთად, თუ ზუსტად მახსოვს ან რამე ღონისძიება იყო, ან რამე ღონისძიებაზე მივდიოდით, ეს ამბები როცა შევიტყვეთ. ამაზე მეტყველებს თუნდაც პრეზიდენტის და ჩემი იმ ადგილისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა. იმ კონკრეტულ სპეცოპერაციას, ბუნებრივია, მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა და მერაბიშვილი იყო მარტო სამხედროებთან და სპეცრაზმელებთან ერთად. მე გუშინ მოვისმინე სხვადასხვა კომენტარი, რომ ხელოვნურად უნდოდათ სააკაშვილის იმ დაგეგმარებაში შეტენვა, იმისთვის, რომ მერე ალბათ საქმე შეკერონ. და მთავარი, ვინც იცნობს მერაბიშვილს და მერაბიშვილის ლაპარაკის არცთუ ისე გრამატიკულად დახვეწილ საუბარს, კარგად მიხვდება, რასთან გვაქვს საქმე. უდავოა, რომ ეს კადრები გავრცელებულია პროკურატურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის დავალებით.

როდესაც საუბრობს მერაბიშვილი ჯერ დაკითხვაზე და დაჭერაზე ორი პიროვნების, შემდეგ, როდესაც საუბარია თეორიულად გვამებზე, საუბარია იმაზე, რომ როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, სპეცრაზმელებს აძლევს დავალებას, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ. როდესაც ტერორისტული აქტია და ამბოხია, და როდესაც შეიარაღებული წინააღმდეგობაა, სპეცრაზმელებს აქვთ ლიკვიდაციის უფლება. ეს უფლება სპეცრაზმელებს აქვთ ყველა ქვეყანაში. ანალოგიურ გაფრთხილებას და დავალებას ნებისმიერი ხელმძღვანელი აძლევს იმიტომ, რომ სპეცრაზმელმა იმოქმედოს თავისუფლად და ხელმძღვანელმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა", - თქვა უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ეს საუბარია, ადგილზე სიტუაცია უკვე არის განმუხტული.

"პიროვნება არის მიმალვაში, ხორციელდება ოპერატიული ძებნა. მე მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ეს ორი პირი ცდილობდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ანუ საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას, მოხდა მათთან შეტაკება. რამდენდაც მე მახსოვს, სპეცრაზმელებიც დაშავდნენ. ორი ადამიანიდან ერთის ლიკვიდაცია ადგილზე მოხდა. ხოლო მეორე დაიჭრა. თვითმიზანი და დავალება რომ ყოფილიყო, ცხადია, ის დაჭრილიც ვერ გადარჩებოდა. დაჭრილ ოთანაძეს საქართველოს სახელმწიფომ უმკურნალა და ის ბოლო დრომდე იყო პატიმარი. მას ჰქონდა მისჯილი სამხედრო ამბოხში შეიარაღებული მონაწილეობა და მეთაურობა. ხოლო ამ მთავრობამ ეს კაცი ყოველგვარი შესწავლის გარეშე გამოუშვა პოლიტპატიმრის სტატუსით და დღეს ის ლადო ბედუკაძესთან და სხვა მსგავს პირებთან ერთად ფოტოსესიით არის დაკავებული", - აღნიშნა უგულავამ.

კომენტარები