მუხროვანის ამბოხი

კუბლაშვილი: ხელისუფლება ცდილობს კობა ოთანაძე გმირად შემოგვასაღოს

chveniambebi.info

საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გაშვებული ოთანაძე "გმირად გაასაღოს". დეპუტატი მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს იმით, თუ ვინ ატვირთა გუშინ გავრცელებული ვიდეო Youtube-ზე. 

"როგორ მოხვდა ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში? რატომ ემთხვევა იმ დროს, როდესაც სხვა თემების გადაფარვა უნდა ხელისუფლებას? ვინმე ამტკიცებს, რომ ამბოხი არ ყოფილა, რომ შეიარაღებული შენაერთების ხელმძღვანელობას სახელმწიფო გადატრიალება არ უნდოდათ? თუ ამის დამტკიცებას ცდილობს პროკურატურა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა", - აცხადებს კუბლაშვილი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს მუხროვანის ამბოხში მონაწილე სამხედრო მეთაურების გმირებად გამოყვანას.

"თუ ვინმეს უნდა გმირებად გამოიყვანოს ის მეთაურები, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ტანკებზე შემომსხდრები თბილისში შემოსულიყვნენ, ამის საშუალება არ ექნებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, სამხედრო ამბოხის დროს, სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს რადიკალურად. ის, რომ იმ დღეს ფაქტობრივად განეიტრალდა სიტუაცია, სწორედ მსგავსი ქმედების შედეგი იყო. დღეს ხელისუფლება ცდილობს, მის მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გამოშვებული ოთანაძე გმირად შემოგვასაღოს და გამოაცხადოს, რომ ეს არის სახელმწიფოს სახე და სამხედრო ამბოხი არის მისაბაძი", - თქვა კუბლაშვილმა.

მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულებმა -  გენერალმა კობა კობალაძემ, მაიორმა ლევან ამირიძემ და პოლკოვნიკმა კობა ოთანაძემ კი დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილს მათი პირდაპირი ლიკვიდაციის ბრძანება ჰქონდა გაცემული. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, გია კრიალაშვილის მკვლელობის, ასევე ოთანაძისა და ამირიძის ჩაცხრილვის გამოსაძიებლად განცხადება პროკურატურაში უკვე შეტანილი აქვთ. 

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დავალება ამბოხებულთა მიერ ლიკვიდირებული რუსი მრჩევლების გვამების პოვნა იყო. 

კომენტარები