მუხროვანის ამბოხი

კობა ოთანაძეს და ლევან ამირიძეს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსით დაკითხავს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

მუხროვანის ამბოხების ბრალდებით გასამართლებულ კობა ოთანაძეს და ლევან ამირიძეს, ასევე, გია კრიალაშვილის დას ლია კრიალაშვილს პროკურატურა დაზარალებულების სტატუსით დაკითხავს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათი დაკითხვა 13:00, 15:00, 17:00 საათზე დაიწყება.

როგორც საგამოძიებო უწყებამ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუმარტა, "დაზარალებულებს Youtube-ზე გავრცელებულ იმ ვიდეომასალაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხავენ, რომელშიც ვანო მერაბიშვილი მთავრობის სხვა ყოფილ წევრებთან ერთად ფიგურირებს". 

ცნობისთვის, 29 იანვარს Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დავალება ამბოხებულთა მიერ ლიკვიდირებული რუსი მრჩევლების გვამების პოვნა იყო. 

კომენტარები