მაღალმთიანი სოფლების პრობლემები

ომბუდსმენი: მთიანი რეგიონების საკითხებზე მუშაობა მნიშვნელოვანია

news.ge

სახალხო დამცველი მთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნას დადებითად აფასებს და მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ჯგუფის საქმიანობაში.

"როგორც დღეს გახდა ცნობილი, მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფში ხელისუფლების მხრიდან შევლენ რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობენ. სახალხო დამცველის აპარატი რეგიონული წარმომადგენლობების მეშვეობით საქმიანობას ახორციელებს ქვეყნის ექვს რეგიონში. რეგიონული ოფისების საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მაღალმთიანი რეგიონების პრობლემებს. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველო, რეგიონული რწმუნებულების მეშვეობით განახორციელებს მასშტაბურ მონიტორინგს მაღალმთიან რეგიონებში; აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ხევსურეთში და ა.შ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის პროცესში მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგება მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნული ჯგუფის შექმნას და გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში", - აცხადებს ომბუდსმენი.

ცნობისთვის, დღეს ქორთიარდ მერიოტში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემები განიხილეს. კონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობა ჯანდაცვის, დევნილთა და განსახლების, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებმა მიიღეს. მათ პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მთიანი რეგიონების შესახებ ერთიანი დოკუმენტი შემუშავდება, რომელიც კანონპროექტის სახით პარლამენტს წარედგინება. ოფიციალური ინფორმაციით, 2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა, ხოლო 152 სოფელში 10 და ნაკლები კომლი ცხოვრობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, აუცილებელია, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ მოძველებული კანონი გადაიხედოს.

"აუცილებლად უნდა გადაიხედოს ის მოძველებული კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, რომელიც 1999 წელს იქნა შემუშავებული. ამასთან ერთად, სტიმულირების მექანიზმები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს როგორც ხელისუფლების, ასევე დონორი და სხვა ორგანიზაციების მხრიდან", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები