მაღალმთიანი სოფლების პრობლემები

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა

დავით ნარმანია
RFE/RL

ქორთიარდ მერიოტში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემები განიხილეს. კონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობა ჯანდაცვის, დევნილთა და განსახლების, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებმა მიიღეს. მათ პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მთიანი რეგიონების შესახებ ერთიანი დოკუმენტი შემუშავდება, რომელიც კანონპროექტის სახით პარლამენტს წარედგინება. ოფიციალური ინფორმაციით, 2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა, ხოლო 152 სოფელში 10 და ნაკლები კომლი ცხოვრობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, აუცილებელია, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ მოძველებული კანონი გადაიხედოს.

”აუცილებლად უნდა გადაიხედოს ის მოძველებული კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, რომელიც 1999 წელს იქნა შემუშავებული. ამასთან ერთად, სტიმულირების მექანიზმები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს როგორც ხელისუფლების, ასევე დონორი და სხვა ორგანიზაციების მხრიდან”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები