მუხროვანის ამბოხი

ღარიბაშვილი მუხროვანის ვიდეოზე: ეს არის შეკვეთილი მკვლელობა

facebook.com/GaribashviliOfficial

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში ვანო მერაბიშვილი მკვლელობას უკვეთავს.

"ჩვენ, ფაქტობრივად, გავხდით მოწმენი იმისა, თუ როგორ დაუკვეთა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ორი გვამის ორგანიზება, ორი ადამიანის ლიკვიდაცია. დანარჩენს გამოძიება დაადგენს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება უკვე დაიწყო და მე მოვუწოდებ პროკურატურას, რომ ძალიან მალე გაიხსნას ეს საქმე. მერაბიშვილი ამბობს, რომ ორი გვამი მომიტანეთ და პრემია იქნება. ეს არის ანგარებით მოტივირებული შეკვეთილი მკვლელობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის.

ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, ის ორ გვამში გულისხმობდა ორ რუს აგენტს, რომელიც ამბოხებულებს ეხმარებოდნენ და რომლებიც კვალის დაფარვის მიზნით თავად ამბოხებულებმა მოკლეს. როგორც მერაბიშვილი აცხადებს, მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

პროკურატურამ ვიდეოზე ასახულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძება. პროკურატურაში ამბოხისთვის გასამართლებული ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე 31 იანვარს დაკითხეს.

კომენტარები