მიუნხენის კონფერენცია

კალაძე: მიუნხენში ღარიბაშვილის ვიზიტი იყო უაღრესად დატვირთული და პროდუქტიული

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეფასებით, მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი "მაღალი რანგის შეხვედრებით იყო უაღრესად დატვირთული და, შესაბამისად, პროდუქტიული".

"პირველი, რაც მინდა ავღნიშნო – საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური პრეზენტაციის ახალი სტილი და ჩამოყალიბებული ხედვა. ბატონმა პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ახალი მთავრობის და საქართველოს მოსახლეობის ურყევი სურვილი, ავაშენოთ მშვიდობიან და კონსტრუქციულ პოლიტიკაზე ორიენტირებული ქართული სახელმწიფო, რომლის ძირითადი პრიორიტეტი შიდა ეკონომიკური განვითარება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში თანმიმდევრული ინტეგრაცია და მეზობლებთან საქმიანი ურთიერთობის განმტკიცებაა.

ნაციონალური მოძრაობის აგრესიულ, პოპულიზმზე ორიენტირებულ, დემაგოგიური განცხადებების ნაცვლად, რომელმაც ქვეყნის კონფლიქტური ტერიტორიების დროებითი დაკარგვა, რაც ყველაზე მტკივნეულია, ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო შეზღუდვა და ჩანასახში არსებული სახალხო დიპლომატიის მოშლა გამოიწვია, ჩვენ ავირჩიეთ თანმიმდევრული დიალოგის რეჟიმი: ფაქტია, რომ რუსეთთან კონტაქტის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესში ვიმყოფებით და მიუხედავად ჩვენი შიდაპოლიტიკური ურთულესი ერთი წლისა, ამ მიმართულებით რაღაც მცირედი მაინც გაკეთდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავრობის პოზიცია მყარად დააფიქსირა – ჩვენ უარს ვამბობთ აგრესიულ რიტორიკაზე, პოლიტიკურ დემარშებზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მეზობელთან ესეთი მოდგომა დააზიანებს არამარტო ჩვენს ინტერესებს, არამედ მთლიანობაში სიტუაციას რეგიონში და იწვევს შეშფოთებას საერთშორისო არენაზეც. ჩვენი განწყობაა – დიალოგი. ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის მხრიდანაც განწყობა იქნება ადეკვატური. არსებული მდგომარეობა ქვეყნებს შორის არც მათთვის არის კომფორტული და მისაღები. ჩვენი ურთერთობები ჩიხიდან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით გამოვა და ჩვენ ამის მზაობას ვაფიქსირებთ.

ჩვენი ახალი პოლიტიკური პრიორიტეტების შედეგად სახეზეა წარმატებები - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადება, რუსეთთან ეკონომიკური კონტაქტების აღდგენა, კოჰაბიტაციისა და გაურკვევლობის პირობებში მიღწეული ეკონომიკური ზრდა და ახალი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გასაგებს ხდის ქვეყნის პროგრესის მიმართულებას. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნება ურყევია - ამამორჩევლის მიმართ მიცემული პირობების გათვალისწინებით შენების, ახალი ინვესტიციების, ბიზნესის, რიგითი მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის რეალური და არა ფასადური ხელშეწყობა. ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაადასტუროს, რომ არის სანდო პარტნიორი და შეუძლია ყველაზე კონფლიქტურ ძალებთანაც კი რეალური საუბარი.

აქვე, მინდა განვავრცო მთავრობის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენი დამოკიდებულება სტრატეგიული და, რაც მთავარია, მეგობარი ქვეყნის შიდა პროცესების მიმართ ცალსახაა - უკრაინა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას, თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ურიერთშეთანხმება თუ კონენსუსი, მხოლოდ უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის და მასთან კონფრონტაციაში მყოფი პოლიტიკური ძალების შიდა საქმეა.

საქართველო პატივს სცემს უკრაინელების ნებისმიერ არჩევანს და ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს თანამშრომლობას ამ ქვეყანასთან მისი ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიუხედავად. და ბოლოს მინდა დავაფიქსირო - პრემიერმა ნათლად და გასაგებად ჩამოაყალიბა პირველ ოქტომბერს არჩეული ხელისუფლების ნება და სურვილი, ვაკეთოთ საქმე და არ ავყვეთ წარსულში ჩარჩენილი რეტროგრადული ძალების პროვოკაციებს", - თქვა კალაძემ.

კომენტარები