დაუბეგრავი მინიმუმი

600 000 მოქალაქეს, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარი დაუბრუნდება

ფინანსთა სამინისტრის შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 24 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის მექანიზმებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი (მხოლოდ ხელფასი) 2013 წელს არ აღემატებოდა 6000 ლარს, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ, 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს. ეს ინიციატავა დაახლოებით 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი გადამხდელის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ.

დეკლარაციის შევსება შესაძლებელია როგორც სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით, ასევე, საბანკო დაწესებულებაში.

დღეს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ბანკების მომსახურებით: სს ბანკი რესპუბლიკა; სს პრივატბანკი; სს თიბისი ბანკი; სს საქართველოს ბანკი; სს ლიბერთი ბანკი; სს ბაზისბანკი; სს ქართუ ბანკი; სს კორსტანდარტ ბანკი; სს ბანკი კონსტანტა; სს ფინკა ბანკი საქართველო.

ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაუბრუნდება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრის მეშვეობით: 2 299 299

კომენტარები