დაუბეგრავი მინიმუმი

ხადური: დაუბეგრავ მინიმუმს მეორე და მესამე კვარტალში დავაბრუნებთ

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმი მეორე და მესამე კვარტალში დაუბრუნდებათ. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისივე თქმით, იმ ადამიანების შემოსავლების დეკლარირება, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარზე მეტი არ არის, 1 აპრილამდე მოხდება.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უკვე აქვს დაზუსტებული ბაზები, რომელ ადამიანს დაუბრუნდება თანხა და ვის არ დაუბრუნდება. დაახლოებით, 170 მილიონი ლარი დაბრუნდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. იქამდე კი, შემოსავლების სამსახური წინასწარ გამოაცხადებს და ადამიანები, რომელთა დარიცხული შემოსავალი 6000 ლარზე ნაკლები ჰქონდათ, უნდა მივიდნენ ნებისმიერ კომერციულ ბანკში, წარადგინონ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ბანკის თანამშრომელი ბაზაში ინფორმაციას გადაამოწმებს და თუ ადამიანი მოთხოვნას აკმაყოფილებს, მის ანგარიშზე უახლოესი, ალბათ მეორე და მესამე კვარტლის განმავლობაში დაირიცხება მაქსიმუმ 360 ლარი", – აღნიშნა ხადურმა. მისივე თქმით, რადგან ის ადამიანები, რომელთა შემოსავალი 500 ლარია, თვითონ დეკლარირებას არ აკეთებენ, მათ ნაცვლად ინფორმაციას ბანკებს ფინანსთა სამინისტრო მიაწვდის, ისინი კი, ამ ინფორმაციას თავიანთი პირადობის მოწმობის ნომრის მიხედვით გადაამოწმებენ.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი წლიური ხელფასიდან 1800 ლარი საბოლოო ჯამში 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება და 360 ლარი უკან დაუბრუნდებათ (150–ის 20% არის 30 ლარი, რაც წელიწადში 360 ლარს შეადგენს). 

კომენტარები