დაუბეგრავი მინიმუმი

2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა შეწყდება

mof.gov.ge

2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა შეწყდება. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილეს. მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ პროგრამებს მოხმარდება, თუმცა, კაკაურიძეს კონკრეტული პროექტები არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, 2014 წლის გადახდილი გადასახადების დაბრუნება ჩვეულებრივ მოხდება.

საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა კომიტეტის თავმჯდომარემ. დავით ონოფრიშვილის თქმით, ის სამინისტროსგან მეტ კონკრეტიკას ელოდება. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით კი, დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა თავიდანვე არასწორი ინიციატივა იყო.

2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ, 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, დაუბეგრავი მინიმუმი 2014 წელს უკვე 470 ათას მოქალაქეს დაუბრუნდა. საერთო მოცულობამ კი 131 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

კომენტარები