ყირიმის ოკუპაცია

რუსმა სამხედროებმა უკრაინელი მესაზღვრეები ალყაში მოაქციეს

unian.net

უკრაინის სასაზღვრო სამსახური ოფიციალურად ადასტურებს, რომ სევასტოპოლის სასაზღვრო რაზმი დღეს რუსეთის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ალყაში მოაქციეს.

უწყების ინფორმაციით, სევასტოპოლის საზღვაო ნაწილის საკონტროლო გამშვებ პუნქტს 30 შეიარაღებული პირი მიადგა, რომელშიც მესაზღვრეებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითთა 810-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ამოიცნეს. მათ სასაზღვრო ნაწილის ტერიტორიისკენ მისასვლელები გადაკეტეს და მაღლობებზე სნაიპერები განათავსეს.

რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინელ მესაზღვრეებთან პირველი რანგის კაპიტანი ალექსანდრ ტოლმაჩევი მივიდა და მოსთხოვა, ნაწილი არ დაეტოვებინათ. რუსი სამხედროს განცხადებით, ისინი ყირიმის უშიშროების საბჭოს განკარგულებას ასრულებენ, რომლის მიზანია „არ დაუშვას იარაღის მოხვედრა ექსტრემისტების ხელში".

მოლაპარაკებების შემდეგ რუსმა სამხედროებმა საკონტროლო პუნქტიდან 25 მეტრით უკან დაიხიეს და ნაწილზე მეთვალყურეობას აგრძელებენ.

დილით რუსული ფლოტის სარაკეტო კატარღა ივანოვეცი ბალაკლავას ყურის რეიდზე გაჩერდა, ძრავის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით, რითაც უკრაინულ სასაზღვრო კატარღებს ზღვაში გასასვლელი გადაუკეტა.

კომენტარები