პროკურატურაში სააკაშვილის დაბარება

ენმ: სააკაშვილის მიმართ დევნის დაწყება ევროპულ გზას ზიანს მიაყენებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავარ პროკურატურაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ფაქტობრივად დევნის დაწყებად მიიჩნევს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამას, ძებნის დაწყების შესაძლო გამოცხადების შესახებ  პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მოწმობს. ეს კი განცხადების თანახმად, საქართველოში დემოკრატიის უკანდახევის კონტექსტში შესაძლოა, მნიშვნელოვან წყალგამყოფად იქცეს.

„პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ფაქტიური დევნის დაწყება - რასაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებაც მოწმობს მასზე ძებნის შესაძლო გამოცხადების შესახებ - შესაძლოა, მნიშვნელოვან წყალგამყოფად იქცეს საქართველოში დემოკრატიის მიმდინარე უკანდახევის კონტექსტში და ჩვენი ქვეყნის სვლას ნატოსა და ევროპის კავშირისკენ სერიოზული ზიანი მიაყენოს. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა მთავრობის აგრესიული ნაბიჯები დამოუკიდებელი მედიის ფინანსურად გასანადგურებლად და ოპოზიციის წევრთა დაპატიმრებებისა და დაკითხვების ახალი ტალღა. ქართული ოცნების ლიდერებს, მათ შორის ყოფილ, პასუხისმგებლობას გაქცეულ და ამჟამინდელ პრემიერებს არაერთხელ განუცხადებიათ იმის შესახებ რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება მთავრობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს. პოლიტიკური დევნის კამპანიის წელიწადნახევარმა ცხადად აჩვენა, რომ საქართველოს პროკურატურა გამოიყენება კონკრეტული, პოლიტიკურად მიუღებელი პიროვნებების გარშემო საქმეთა „შესაკერად“ და არა ობიექტური რეალობის დასადგენად,“ - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში. 

პარტიის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები საქართველოს პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიის შეწყვეტას და იანუკოვიჩის გზის არგამეორებას მუდმივად ურჩევენ. ნაციონალური მოძრაობის განცხადების თანახმად, არაერთ ევროპელ ლიდერს აღუნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყება ის წითელი ხაზია, რომლის გადალახვაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სვლას ევროპული ოჯახისკენ.

„სერიოზული საფრთხე შეიძლება შეექმნას ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რაც მხოლოდ და მხოლოდ აგრესორ სახელმწიფოს - რუსეთს - აძლევს ხელს,“ - აღნიშნულია გაცხადებაში. 

პარტია პროკურატურაში სააკაშვილის დაბარებას უკრაინაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.

„დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მიმდინარეობს ცივილიზებული სამყაროს ქმედითი ზომების გამომუშავება უკრაინაში რუსეთის აგრესიის ასალაგმად და ვლადიმერ პუტინის დასასჯელად, საქართველოს სჭირდება არა შიდა დაპირისპირება და რევანშიზმი, არამედ გაერთიანება და კონსოლიდაცია. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უკრაინის საკითხზე დასავლეთის ყურადღების მობილიზაციაში და პოზიციების ჩამოყალიბებაში, ბუნებრივად მოდის წინააღმდეგობაში პუტინის ინტერესებთან. სწორედ ამ გადამწყვეტ მომენტში მის წინააღმდეგ ფაქტობრივი დევნის დაწყება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირად ანგარიშსწორებაზე მეტყველებს, არამედ ეჭვს აღარ ტოვებს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი სწორედ კრემლის ინტერესების გათვალისწინებით მოქმდებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები