პროკურატურაში სააკაშვილის დაბარება

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაკითხვაზე ჩამოსვლას არ აპირებს

Georgia's President Mikheil Saakashvili speaks during a news conference in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

„მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან საქართველოს განსათავისუფლებლად. ეს დრო  ბევრად უფრო მალე დადგება, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია,“ - უთხრა ჰოლანდიაში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ქართული ტელეარხები სააკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებენ.

სააკაშვილი  იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რის გამოც აქამდე საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებდა. „საქართველოს რეპუტაციას ვუფრთხილდებოდი. ამიტომ დროებით საქართველოში ჩამოსვლაზე უარი ვთქვი. ასეთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მთლიანად მოკლავს. ამერიკაში გავლენიანმა და მნიშვნელოვანმა თანამდებობის პირებმა იგივე რჩევები მომცეს, - აღნიშნავს სააკაშვილი და განაგრძობს, - საუბარი მხოლოდ ჩემს შესახებ არ იყო, არამედ საქართველოში ახალი, ტიმოშენკოზე უფრო მნიშვნელოვანი კაზუსის  გაჩენა, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას სიტუაცია ისედაც ბოლომდე არ აქვს გარკვეული, დასავლეთისკენ საქართველოს მოძრაობას ხელს შეუშლის. ვიცოდი, რომ ეს ნაბიჯი იყო დაგეგმილი, ამიტომ დროებით პაუზა ავიღე. მაგრამ, ის, რომ ეს ახლა ხდება, პირდაპირი პასუხია უკრაინაზე.  როგორც ჩანს, ბოლო დღეებში ვლადიმერ პუტინს თვალში გავეჩხირე.“

სააკაშვილი ამბობს, რომ, როგორც თავისუფალი ადამიანი საქართველოსა და მთელი რეგიონის განთავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს. „ჩემს გადაადგილებას ვერავინ შეზღუდავს,“ - აღნიშნავს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი განსაკუთრებულ აქცენტს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს.

„რუს ოლიგარქს ამ დავალების შესასრულებლად, თავის დროზე, 2012 წელს ორი მილიარდი მისცეს. საერთოდ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს მისი გაკეთებულია. თავის დროზე ევროპელები მეუბნებოდნენ, რომ ის თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო გადადგა, რომ ეს საქმე გააკეთოს, როგორც ჩრდილოვანმა ფიგურამ, ვითომ თვითონ არაფერ შუაშია. მინდა ვთქვა, რომ ამას არავინ ჭამს. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მთავრობას სრული არარაობები მართავენ, რომლებიც საერთოდ არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებენ. ყველამ კარგად იცის, რომ საბოლოო ჯამში, ივანიშვილიც არ იღებს გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას იღებს ის, ვინც მას ეს ორი მილიარდი მისცა. ეს  საქართველოსთვის დროებითი სიძნელეებია. მე ვერაფერი შემაჩერებს, პუტინის მხრიდან ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა. ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, როგორც თავისუფალი ადამიანი, ივანიშვილ-პუტინის თამაშების თამაშს არ ვგეგმავ.  ივანიშვილს ჩავაკითხავ, როცა საჭირო იქნება, მაგრამ სხვა კუთხით", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაბარების შესახებ უწყება მის დედას, გიული ალასანიას დღეს მარტს ჩაბარდა.

კომენტარები