მერიის თანამშრომელთა დაკითხვა

საგამოძიებო სამსახურში მერიის 6 მოქმედი და 2 ყოფილი თანამშრომელი დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მერიის 6 მოქმედი და 2 ყოფილი თანამშრომელი დაკითხვაზეა დაბარებული. მათ შორის - თბილისის მერის მოადგილე დავით ნინიძე და გლდანის რაიონის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის თქმით, დღეს თბილისის მთავრობის სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა თანამშრომლების დაკითხვებზე დაბარების გამო, უკვე მეორედ გადაიდო.

"ნებისმიერი საკითხის შესწავლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილად პოლიტიკურ ზეწოლას დავარქმევდით ამას იმიტომ, რომ მხოლოდ არჩევნების მოახლოებისას ახსენდებათ გამოძიების დაწყება", - განაცხადა აბესაძემ.

დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს თავად ნოდარ სანდუხაძე. მერიის თანამშრომლების დაკითხვაზე დაბარების ფაქტს თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ საკრებულოს წევრებიც. 

"ეს შეეხება შპს სინათლის ქალაქის თემაზე მიმდინარე გამოძიებას. მაგრამ მთავარი აღარ არის თუ რა საქმეზე დაგვიბარებენ, ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი ადამიანის დაბარება შეუძლიათ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, განსაკუთრებით, არ გვწყალობენ იმათ, ვინც გავბედეთ და ადგილობრივ არჩევნებზე ვაპირებთ კენჭის ყრას სხვადასხვა უბანზე მაჟორიტარ დეპუტატებად", - თქვა სანდუხაძემ.

"ეს გახლავთ უპრეცედენტო ზეწოლა თბილისის თვითმმართველობაზე. არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ღარიბაშვილი და ფარცხალაძე ცდილობენ, ურეიტინგო ნარმანიას "გაუპრავონ" არჩევნები იმით, რომ შეაფერხონ მერიის მუშაობა და მერიის თანამდებობის პირების დისკრედიტაცია მოახდინონ. გუშინ გადაიდო ქალაქის მთავრობის სხდომა, დღესაც ვერ ჩატარდა. სავარაუდოდ, მერიას არ ექნება საშუალება, რომ იმუშაოს თბილისელებისთვის, რადგან რვა თანამდებობის პირია დღეს დაბარებული საგამოძიებო უწყებებში", - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა.

მერიის თანამშრომლების დაკითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გუშინ 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისინი გამოძიების შეკითხვებს სითი პარკსა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერებასთან დაკავშირებით პასუხობდნენ. დაკითხვაზე დაბარებული იყვნენ თბილისის მერის მოადგილე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი და ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე.

კომენტარები