NATO-ს კვირეული

პეტრიაშვილი: NATO-ს კვირეულით გვინდა, ყველას შევახსენოთ ჩვენი მისწრაფებები

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

თბილისში NATO-ს კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ გახსნეს. კონფერენციის თემაა - გზა NATO-სკენ - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

"NATO-ს კვირეულით, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გვინდა საქართველოს საზოგადოებას, NATO-ს თანამეგობრობას და ჩვენს სამეზობლოს შევახსენოთ ჩვენი მისწრაფებების შესახებ და ამ მისწრაფებების განხორციელების დაჩქარების აუცილებლობაზე. დღეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება NATO-ს გაფართოების ტალღას, სადაც ათი ქვეყანა გახდა ალიანსის წევრი. ეს პროცესი დასრულებული არ არის, ეს პროცესი დასაჩქარებელია. უკრაინის ოკუპაციის ფონზე, ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესები დაჩქარდეს", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბულგარეთის ატლანტიკური კლუბის პრეზიდენტი, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და რუმინეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებების, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

NATO-ს კვირეული დღეს გაიხსნა და 16 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. კვირეული ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის, რუმინეთის საელჩოს და ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები