პანორამა - თბილისი

აბესაძე: პანორამა - თბილისზე გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღებას, განხორციელდება თუ არა, პანორამა თბილისის პროექტი, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს. ამის შესახებ მან თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

სხდომაზე პანორამა თბილისის პროექტის ირგვლივ საჯარო განხილვა მოეწყო.

"კომისიის სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ჯერჯერობით პროექტი მზად არ არის განსახილველად იმისთვის, რომ თბილისის მერიამ მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწონოს ის, თუ დაიწუნოს. შესაბამისად, პროექტის ავტორებს მიეცემათ რეკომენდაცია, რა ტიპის კვლევები და დასკვნები უნდა წარმოადგინონ იმისთვის, რომ შედგეს საჯარო განხილვა და სწორედ იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ იქნება შესაძლებელი საბოლოო დასკვნა გავაკეთოთ, შეიძლება, გაკეთდეს მზარდი ტიპის მშენებლობა თბილისის ისტორიულ ნაწილში, თუ არა", - თქვა ირაკლი აბესაძემ.

აბესაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე თანაინვესტირების ფონდს არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, გარდა ზოგადი კონცეფციისა. მთლიანი დოკუმენტაცია კი პროექტის ავტორებმა ახლა უნდა მოამზადონ.

"საბოლოო ჯამში განხორციელდება თუ არა პანორამა თბილისი ქალაქში, ამ გადაწყვეტილების მიღებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს", - აღნიშნა აბესაძემ. მისივე თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად შეძლებენ ავტორები საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას. "თუ ყველა დასკვნა იქნება, მათ შორის ისტორიული კვლევა, რომ შესაძლებელია მსგავსი პროექტი განხორციელდეს, რატომაც არა, განხორციელდეს", - თქვა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები