ფაბიუსის და შტაინმაიერის ვიზიტი

შტაინმაიერი: უნდა ვიზრუნოთ, რომ არ იყოს კონფრონტაცია, დაპირისპირება რუსეთთან

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია შესრულდეს ჟენევის შეთანხმება. შტაინმაიერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორენ ფაბიუსთან ერთად ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს შეხვდა. 

"გვესმის და ვიცით, რომ საქართველოში განსაკუთრებული წუხილი არსებობს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აკვირდებიან და ანალიზს ახდნენენ საკუთარი ქვეყნის პარალელის ჭრილში. ჩვენ ვსაუბრობდით რამდენად რთული იყო პირველი ნაბიჯების გადადგმა და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის უკრაინაში ჩაყვანა, ასევე რამდენად რთული იყო ჟენევის მოლაპარაკებების ჭრილში მხარეების ერთ მაგიდასთან დასმა. მთელი ენერგია უნდა მივმართოთ რათა ჟენევის მოლაპარაკებები იმგვარად წარვმართოთ, რომ ამან ასახვა ჰპოვოს უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციაზე. ჩვენ უკრაინის ხელისუფლებას ვუყენებთ მოთხოვნას შესრულდეს ჟენევის შეთანხმება. თუმცა მოთხოვნები არის რუსეთის მიმართაც, რომ მან ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა რუსულენოვან მოსახლეობას მკაფიო გზავნილები გაუგზავნოს და მოხდეს დაკავებული შენობებისა და მოედნების გათავისუფლება", - თქვა შტაინმაიერმა.

შტაინმაიერის თქმით, დასავლეთი ასევე ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი ფინანსური წვლილი შეიტანოს ეუთო-ს მისიის გაძლიერებაში.

"ყოველი დღე, რომელიც გადის, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება დეესკალაციის მიმართულებით, ჩვენ გვაცილებს ჟენევის მოლაპარაკებების შედეგს. სიტუაციის დეესკალაცია უნდა მოხდეს, რათა უკრაინაში ფონი განიმუხტოს. ამას ექნება ზეგავლენა საქართველოზეც, რადგან მთლიანობაში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ იყოს კონფრონტაცია, დაპირისპირება რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება რუსეთთან, გვინდა თანამშრომლობა და ყოველთვის ვეტყვით რუსეთს, რომ ასოცირების შეთანხმება არის არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, არამედ, ეს არის საქართველოს თავისუფალი არჩევანი", - აღნიშნა შტაინმაიერმა.

 

კომენტარები