ღარიბაშვილის განცხადება

შავგულიძე - პრემიერის მიერ ნახსენები კანონპროექტი პარლამენტში არ გვინახავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე ფარული მიყურადების საკითხზე ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტის შესახებ პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმიანება.

პრემიერის შეფასებით, ვარიანტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს, კატასტროფის ტოლფასი იყო.

„პრემიერი რაღაც კანონპროექტის შესახებ საუბრობს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ინიცირებულია. სიმართლე გითხრათ, ასეთ კანონპროექტს არ ვიცნობ. რაც შეეხება იმას, რასთანაც შეხება მქონდა - სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. საკანონმდებლო ინიციატივა კი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა შეიმუშავა და პარლამენტის წინაშე კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა“, - აღნიშნავს შალვა შავგულიძე.  

შავგულიძის ინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტის ინიცირებისას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის და სასამართლოს წარმომადგენლები გაერთიანდნენ. „კანონპროექტთა პაკეტი მათთან ერთად დაიხვეწა“, - თქვა შავგულძემ.

შალვა შავგულიძის თქმით, შემდგომ კანონპროექტთა პაკეტი ევროპის საბჭოში საერთაშორისო ექსპერტიზისთვის გაიგზავნა.

„ევსოსაბჭოსგან დასკვნა მივიღეთ, ამ საკითხებში ევროსაბჭოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ჯოზეფ კანატაჩი ჩამოვიდა. მან 2-დღიან კონფერენციაში მონაწილეობაც მიიღო. ამ კანონპროექტის შესახებ დასკვნა გერმანელმა ექსპერტებმაც გამოგვიგზავნეს. გერმანელი პროფესორიც ჩამოვიდა და კონფერენცია მისი მონაწილეობითაც ჩავატარეთ“, - აღნიშნავს შავგულიძე.  

როგორც პარლამენტარი ამბობს, შემდგომ ცნობილი გახდა, რომ პრემიერმინისტრმა უსაფრთხოების საბჭოს (რომელსაც მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს) ამავე საკითხის დამუშავება დაავალა.

„ამ პერიოდში ინიცირებული კანონპროექტი რამდენიმე კომიტეტში განვიხილეთ. როდესაც შევიტყვეთ, რომ უსაფრთხოების საბჭო იგივე საკითხს ამუშავებდა, რა თქმა უნდა, განხილვებში მონაწილეობას  დავთანხმდით. უსაფრთხოების საბჭოს სამუშაო ჯგუფთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მათ ინიცირებული კანონპროექტის თითქმის ყველა ძირითადი საკითხი გაიზიარეს. არის საკითხები, რომლებიც სამუშაო რეჟიმში დახვეწას საჭიროებს. პოზიციების შესაჯერებლად მომავალ არასასესიო კვირას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა შემდგომ სასესიო კვირას ამ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა გაგრძელდეს“, - ამბობს შალვა შავგულიძე.  

კომენტარები