უილიამ ჰეიგის ვიზიტი

საქართველოს პრეზიდენტი უილიამ ჰეიგს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი მიიღო.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უილიამ ჰეიგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ბრიტანეთის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

"თავის მხრივ, უილიამ ჰეიგმა მადლიერებით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით შეაქვთ, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც ქართული სამხედრო შენაერთები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას. საუბარი შეეხო იმ დემოკრატიულ რეფორმებსაც, რომლებსაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყანაში მომხდარი დემოკრატიული ცვლილებები დადებითად აისახება NATO-ს სამიტზე, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და ყურადღება უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს.

კომენტარები