თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

ომბუდსმენი ჭიაბერაშვილზე თავდასხმაზე: უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, "ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ხდება საკმაოდ რბილი სასჯელის გამოყენება მსგავსი დანაშაულისთვის". ომბუდსმენი ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდამსხმელების ხელწერილით გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა.

"ნებისმიერი ძალადობა წარმოშობს კიდევ უფრო მეტ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსგავს ინციდენტზე იყოს ადეკვატური რეაგირება იმისთვის, რომ არ მოხდეს შემდეგში წახალისება ახალი დანაშაულის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამართალდაცავების მხრიდან, მსგავს დანაშაულზე ყოველთვის იყოს ადეკვატური რეაგირება", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) და რეჟისორი გიორგი მგელაძე დაესხნენ თავს. ჭიაბერაშვილს თავი გაუტეხეს, ხოლო ლადარიას - ცხელი ჩაი შეასხეს სახეში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 120-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომენტარები