თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

ბეხლერი ჭიაბერაშვილზე თავდასხმაზე: ვგმობთ ცალკეულ პიროვნებებზე ძალადობას

facebook.com

შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი აცხადებს, რომ ძალადობა დაუშვებელია. ბეხლერი ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

"ძალადობა დომინირებს შიდა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას. ძალადობას ვაწყდებით ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგაც. ჩვენ ვგმობთ ცალკეულ პიროვნებებზე ძალადობას. ძალიან ვწუხვართ რაც მოხდა გუშინ ზურაბ ჭიაბერაშვილის, შვეიცარიაში საქართველოს ყოფილი ელჩის წინააღმდეგ. მივესალმებით თეა წულუკიანის განცხადებას, რომ ასეთი ფაქტები მიუღებელი და აუტანელია", - თქვა ბეხლერმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) და რეჟისორი გიორგი მგელაძე დაესხნენ თავს. ჭიაბერაშვილს თავი გაუტეხეს, ხოლო ლადარიას - ცხელი ჩაი შეასხეს სახეში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 120-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა დაგმო და სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდა. მომხადართან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა კომისიის 29 მაისის სხდომაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იქნება.

კომენტარები