დაპირისპირება გარდაბანში

წულუკიანი: გარდაბანის ვითარებას წინასაარჩევნო პროცესში არეულობა შეაქვს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, გარდაბანში უბრალოდ ორი დაპირისპირებული ჯგუფია, რომელიც ერთმანეთს უმტკიცებს, რომ თვითონ მართალია. როგორც წულუკიანი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გარდაბანში პოლიტიკური კონფლიქტი არ არის, ამას, წინასაარჩევნო პროცესში არეულობა შეაქვს.

„ჩვენმა აზერბაიჯანელმა ძმებმა და ეთნიკურმა ქართველებმა, გარდაბნელმა სვანებმა უნდა გაიგონ, რომ მათი პიროვნული კონფლიქტები გვერდზე უნდა გადადონ, რადგან ახლა საარჩევნო პერიოდია და ყველა გვაკვირდება“, - თქვა თეა წულუკიანმა.

გუშინ გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ამასთან, ადგილობრივმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა დღეს გარდაბანში საპროტესტო აქცია გამართეს და ეთნიკურად ქართველები შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. შეკრებილები აცხადებენ, რომ გარდაბანში წუხელ მომხდარი დაპირისპირება პოლიტიკასთან კავშირში არ არის. მათი თქმით, დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, რადგან ეთნიკურად ქართველებმა მათ დასცინეს.

ქართული ოცნების განცხადებით კი, გარდაბანში მომხდარი დაპირისპირება ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა. პარტიის განცხადებით, ენმ დაპირისპირების "სხვა ჭრილში გადატანას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს". მათი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს, სხვადასხვა მიზეზებით დაძაბოს სიტუაცია და გააღვივოს შუღლი მოსახლეობაში.

კომენტარები